ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, სიდიდით მეოთხე ქალაქი საქართველოში, საქართველოს სამეფოს ისტორიული დედაქალაქი, ქუთაისის საეპისკოპოსოს ისტორიული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. მოსახლეობა 130 400 ადამიანი (2023).
ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. ქუთაისი საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი იყო. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით:
„მოხირისის მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე, სახელად რეონი; მის სანაპიროებთან ძველადვე კოლხებს აუგიათ ციხე... მაშინ ამ ციხეს კოტაიონს უწოდებდნენ ელინურ ენით, ამჟამად კი მას ლაზები ქუთათისს ეძახიან... სხვები კი ამბობენ, ძველ დროში ამ ადგილას ქალაქი იყო და კვიტაიონი ეწოდებოდაო; აქაური იყო აიეტი, რის გამოც პოეტები მას კვიტაიელს ეძახდნენ, კოლხიდის ქვეყანას კი კვიტატიდსო“
შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში - აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირსშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის სასახლე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
geografia
მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, მდინარე რიონის ორივე ნაპირზე, იმ ადგილას, სადაც მდინარე მთებიდან კოლხეთის დაბლობზე გამოდის. ქუთაისი მდებარეობს ზღვის დონიდან 125-300 მეტრზე, თბილისიდან 220 კმ (რკინიგზით).
ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება დაბალმთიანი ოკრიბა, ჩრდილოეთით - სამგურალის ქედი, სამხრეთით და დასავლეთით კი კოლხეთის დაბლობი. დასახლების უმეტესი ნაწილი ვაკეზეა. ქალაქის ჩრდილოეთი უბნები მდინარე რიონის ორივე მხარეს გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი, უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი კი საფიჩხიის სერზე, რომელიც მდინარე რიონის ერთ-ერთ ტერასას წარმოადგენს.
ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, იცის ზომიერად თბილის ზამთარი და შედარებით მშრალი და ცხელი ზაფხული. ხშირია აღმოსავლეთის ფიონური ქარი. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5 °C, იანვრისა 5,2 °C, ივლისისა 23,2 °C. ნალექები 1730 მმ წელიწადში. მდინარე რიონი ქალაქს კვეთს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ქალაქის ფარგლებში მასზე აშენებულია რიონჰესი და გუმათჰესი. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მიედინება მდინარე წყალწითელა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთში მდინარე ოღასკურა. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში რიონს ერთვის მცირე მდინარე რუა. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შემორჩენილია ძელქვის კორომი.
ქალაქის ფარგლებში და მის შემოგარენში მოიპოვება საშენი მასალა, მათ შორის გოჭოურის სააგურე თიხა, ეკლარის მოსაპირკეთებელი და საკედლე ქვა, ბანოჯის მარმარილო, მოწამეთას კირქვები და სხვა.
etimologia
ქუთაისის დაარსების ისტორია და სახელწოდება დღემდე კამათის საგანია. ესეც, ისევე როგორც ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხი, სამეცნიერო ჰიპოთეზების საგანია. წყაროთა მონაცემები მწირია. ასევე ზოგადია ცოდნა ძველი ქუთაისის გარეგნული იერ-სახის შესახებაც. ისტორიკოსი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის (XIX ს.) ცნობით:
„ამბობენ მითომ ქუთაისის სახელი შემდგარიყოს სამთა სიტყვათაგან: ქვა მთა ისი (ესე იგი ქვიან მთაზედ ქალაქი) და შემდგომ ჟამთა ცვლილებისა, უწოდებენ აწ ქუთაისი“
აია-კოლხეთის დედაქალაქი კჳტაიისი [კოტაისი, კუტაია, კჳტაჲა] პირველად ელინისტური ხანის ბერძნულ თხზულებებში იხსენიება. მათ შორის უმთავრესია აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“ (ძვ. წ. III ს.), ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ბერძენთა ლაშქრობის შესახებ დაწერილი პოემა.
„აქ კჳტაიისის ხმელეთსა და კირკეონის ველზე ამარანტების შორეული მთებიდან მორევიანი ფაზისი მიაგორებს ფართო ნაკადს ზღვისაკენ. როდესაც ამ მდინარის შესართავთან მიაცურებთ ხომალდს, დაინახავთ კჳტაიელი აიეტის კოშკებს და არესის ჩრდილოვან ჭალაკს, სადაც მუხის წვერზე ჩამოკიდებულ საწმისს... უთვალთვალებს საზარელი დრაკონი“ - (არგონავტიკა, აპოლონიოს როდოსელი)
„კჳტაიისის ხმელეთი“, ანუ ქუთაისი მისი მიმდებარე მიწებით ბიზანტიელ ავტორებთან „მოხირისად“ იწოდება; ქართულ მატიანეებში XI საუკუნიდან ამ სახელწოდებას „ქუთათისის ქუეყანა“ ცვლის, XVIII საუკუნეში კი - „ვაკე“. XVIII საუკუნეში „ვაკის“ მცხოვრებნი იმერეთის მეფის ერთგულებაზე იფიცებდნენ და განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ, მათ „ფიცისკაცები“ ეწოდებოდათ.
demografia
საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერების მონაცემების მიხედვით ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობა 1897-1989 წლებში მუდმივად მატულობდა, ქუთაისი თბილისის შემდგომ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყოველთვის მეორე ქალაქს წარმოადგენდა. ქალაქ ქუთაისის 1976 წლის მესამე გენერალური გეგმის თანახმად, 2000 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობას 400 ათასი მცხოვრებისათვის უნდა მიეღწია. XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში ქალაქის მოსახლეობა პერმანენტული კლების პროცესს განიცდის. ამჟამად ქუთაისი საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამე ქალაქია თბილისისა და ბათუმის შემდეგ.
მოსახლეობის 99 %-ს შეადგენენ ქართველები. მცირე რაოდონებით არიან წარმოდგენილნი რუსები (0,36 %), უკრაინელები (0,1 %) და სომხები (0,09 %).
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
1822 |
1,6 ათასი |
|
|
1865 |
4522 |
|
|
1897 |
32 476 |
|
|
1922 |
45 290 |
|
|
1926 |
48 196 |
|
|
1939 |
77 515 |
|
|
1959 |
128 203 |
|
|
1970 |
160 937 |
|
|
1979 |
194 297 |
|
|
1989 |
234 830 |
|
|
2002 |
185 965 |
|
|
2014 |
147 635 |
|
|
2020 |
135 201 |
|
|
transporti
ქუთაისი რამდენიმე მნიშვნელოვანი საავტომობილო მაგისტრალის გადაკვეთაზე მდებარეობს. ქალაქში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1, ასევე საავტომობილო გზები ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი, ქუთაისი-ბაღდათი და ქუთაისი-ტყიბული. ქალაქში მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ქალაქში არის რკინიგზის სადგური, საიდანაც არის მუდმივი მიმოსვლა თბილისსა და ბათუმში. ქალაქის ტერიტორიაზე რკინიგზის სამი სადგურია: რიონი, ქუთაისი I და ქუთაისი II. სადგური „რიონი“ ცენტრალურ სარკინიგზო მაგისტრალზე მდებარეობს. სადგური ქალაქის განაშენიანებული ნაწილიდან მოშორებით არის და მასზე წვდომა მაცხოვრებლებისთვის მოუხერხებელია. რკინიგზის სადგური „ქუთაისი 1“ ჩიხს წარმოადგენს. ის ემსახურება მგზავრებს სადგურ „რიონამდე“ მისასვლელად. აღნიშნული სადგური ასევე უკავშირდება ქალაქ ტყიბულს. ქუთაისი II უკავშირდება ქალაქ წყალტუბოს.
aeroporti
ქუთაისს ემსახურება დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქუთაისიდან 14 კილომეტრის დაშორებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აეროპორტი 2012 წელს ამოქმედდა და მისით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები სარგებლობენ.
ganaTleba
ქალაქში მოქმდებს 35 საბავშვო ბაღი, 46 საჯარო და 21 კერძო სკოლა, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი „ქუთაისი“, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი-ქუთაისის ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტი, პედაგოგიური ინსტიტუტი „ლამპარი“, ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტი „კოლხა“, საერო ინსტიტუტი „გელათი“, საინჟინრო ინსტიტუტი, კვებისა და ფარმაცევტული მრეწველობის ინსტიტუტი, ქალაქ ქუთაისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ბორის ონიანის სახელობის ჰუმანიტარული და სამართლის საერო ინსტიტუტი, საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სახელობის მრავალპროფილიანი ინსტიტუტი, ქ. ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი, ქ. ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი და რამდენიმე პროფესიული სასწავლებელი.
kultura
ქუთაისში მოქმედებს ქუთაისის დრამატული თეატრი, ქუთაისის თოჯინების თეატრი, ქუთაისის ოპერის თეატრი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, სპორტის ისტორიის მუზეუმი, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი, საბრძოლო დიდების მუზეუმი, სახვითი ხელოვნების მუზეუმი.
arqiteqtura
ქალაქს თავისებურ ელფერს აძლევს მთაგორიანი რელიეფი, გამწვანება და მდინარე რიონის კლდოვანი ნაპირები. ქუთაისს შენარჩუნებული აქვს შუა საუკუნეების ქალაქისთვის დამახასიათებელი იერი. მარჯვენა ნაპირის ფერდობებზე შეფენილია ძველი ქალაქი, განაშენიანებული 1-2 სართულიანი შემინულაივნიანი ქვის და აგურის საცხოვრებელი სახლებით. ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩები ერთმანეთთან დაკავშირებულია კიბეებით და ვიწრო გასასვლელებით, ბევრია ჩიხი. ძველ არქიტექტურულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ბაგრატის ტაძარი, უქიმერიონის ციხე, მწვანეყვავილას ეკლესია (1109).
ქალაქის მარცხენა ნაპირი XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა. აქ რელიეფი უფრო მარტივია. შუაში მდებარეობს გეგმით მართკუთხა ქალაქის ბაღი, რომლის წინ, დიდ მოედანზე, განლაგებულია ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი და კულტურული დაწესებულებები. მნიშვნელოვანი ნაგებობებია სასტუმრო (1935, არქიტექტორი მიხეილ ჩხიკვაძე), ადმინისტრაციული შენობა (1947, მიხეილ შავიშვილი), დრამატული თეატრი (1955, შ. თავაძე, მიხეილ შავიშვილი). დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ავტოქარხნის რაიონის დასახლება (არქიტექტორი მიხეილ შავიშვილი).
sporti
ქუთაისში მოქმედებს საფეხბურთო, სარაგბო და საკალათბურთო კლუბები. საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი ასპარეზობს საქართველოს ეროვნულ ლიგაში. ტორპედო ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებულია, რითაც ის საქართველოში რიგით მეორე ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. სარაგბო კლუბი „აია“ ასპარეზობს საქართველოს „დიდ 10-ში“. ის რაგბის ეროვნული ჩემპიონატის 6-გზის გამარჯვებული და რიგით მეორე ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010“ ასპარეზობს საქართველოს სუპერლიგაში.
gamoCenili quTaislebi
daZmobilebuli qalaqebi
|