სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ქვაბისხევი, ჩითახევი, ჭობისხევი).
მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მდინარეების მტკვრისა და დვირულის შესართავთან, ზღვის დონიდან 920 მ-ზე, ბორჯომიდან 18 კმ დაშორებით. სოფელში არის რკინიგზის სადგური ხაშური-ვალეს ხაზზე.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 712 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
937 |
456 |
481 |
2014 |
712 |
338 |
374 |
istoria
სოფელი იხსენიება გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში (1595), ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსაში“, ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“, ქართლ-კახეთის XVII-XVIII საუკუნეების ქრონიკებში და სხვა წყაროებში.
XII-XIII სს-ში დვირი თორის შემადგენლობაში შედიოდა და მნიშვნელოვანი პუნქტი იყო ქართლიდან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმავალ გზაზე. დვირსა და ხეფინისხევზე გადიოდა ქართლის სამეფოს დასავლეთი საზღვარი. ვახუშტის მიხედვითაც, ყვერბილისა და ლიკანის ხევებს „ზეით არს ჭობის-ხევი და არს დვირამდე“ ქართლი.
სოფლის შემოგარენში აღმოჩენილია ბრინჯაოს და რკინის ხანის კვირაცხოვლისა და ბორნიღელეს სამაროვნები, XI საუკუნის ბიზანტიური მონეტების განძი.
დვირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესიაა. სოფლის ცენტრში დგას XIX საუკუნეში გადაკეთებული მთავარანგელოზის ეკლესია. სოფლის თავში, სასაფლაოზე დგას X საუკუნის კვირაცხოვლის ეკლესია. სოფლის მახლობლად, ტყეში შემორჩენილია საკვირიკეს დაზიანებული სამნავიანი ეკლესია, რომელიც უნდა იყოს IX საუკუნეში აგებული კვირიკეწმინდა. დვირის ხევის ქვემო წელზე, სოფლის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ნანგრევების სახით მოღწეული დვირის ციხე, რომელიც იცავდა ისტორიული თორიდან სოფელზე გამავალ გზას.
|