saqarTvelos buneba - kavkasioni

აღმოსავლეთი კავკასიონი აფხაზეთის კავკასიონი დასავლეთ კავკასიონი
კახეთის კავკასიონი ცენტრალური კავკასიონი სვანეთის კავკასიონი
კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი მარღან-დვალეთის კავკასიონი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი

 

კავკასიის ყელის ირიბად გადამღობი თითქმის სწორხაზოვანი მთაგრეხილი, რომელიც თავისი ბოლოებით - ტამანისა და აფშერონის ნახევარკუნძულებშია შეჭრილი, ერთი მხრივ, აზოვისა და შავ ზღვას შორის, მეორე მხრივ, კასპიის ზღვის შუა და სამხრეთ ნაწილებს შორის. შედის საქართველოს და აზერბაიჯანის, რუსეთის (კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებისა და ადიღეს, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის და დაღესტნის რესპუბლიკების) ტერიტორიაში. კავკასიონის მთიანეთი შედგება რიგი ქედების, ხეობებისა და ქვაბულებისაგან, რომლებიც ართულებენ კავკასიონის მორფოლოგიას.

კავკასიონის ოროგრაფიულ ღერძს წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, რომელიც უწყვეტად ვრცელდება სისტემის ერთი ბოლოდან მეორემდე დაახლოებით 1500 კმ სიგრძეზე. სიგანე სხვადასხვა ნაწილში ცვალებადია: ნოვოროსიისკის მერიდიანზე კავკასიონის სიგანე 32 კმ-მდეა, იალბუზის მერიდიანზე ყველაზე უფრო განიერია და 180 კმ აღწევს; ვლადიკავკაზის მერიდიანზე 110 კმ-ია, დაღესტნის მერიდიანზე - 160 კმ. მასზე აღმართულია მრავალი ციცაბოკალთიანი, ძნელმისადგომი, დაკბილული მწვერვალები, მარადთოვლიანი ყინულებითა და ფირნის მძლავრი ველებით. ამ ქედის თხემით კავკასია იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ მაკროფერდობებად, რომელთაგან პირველი შედის მდინარეების ყუბანის, თერგის, სულაკისა და სამურის აუზებში, მეორე - ბზიფის, კოდორის, ენგურის, რიონის, მტკვრისა და მთელ რიგ მცირე მდინარეთა აუზებში. ორივე ფერდობი გართულებულია მეორე თანრიგის ქედებითა და ხეობებით, რომლებიც ღერძულ ზონაში ქმნიან მაღალმთიან, ხოლო პერიფერიულ ზონებში - საშუალმთიან რელიეფს. ჩრდილოეთ ფერდობის გასწვრივი ქედების: გვერდითი, კლდოვანი ანუ კირქვიანი, საძოვრებიანი და ტყიანი, რომლებიც მთავარი ქედის პარალელურია, აგრეთვე შავანის, კიდეგანის, ხევსურეთის, ანდის, ბოღოზის გარდიგარდმო ქედები; სამხრული კალთის - გაგრის, ბზიფის, კოდორის, სვანეთის, ეგრისის, ლეჩხუმისა და რაჭის გასწვრივი; ლიხის, ხარულის, ალევის, ქართლისა და კახეთის გარდიგარდმო ქედები. კავკასიონის ოროგრაფიულ სიმეტრიას არღვევს ჩრდილოეთი ფერდობი, რომელიც განიერია კახეთ-დაღესტნის არეში. კავკასიონის მრავალი მწვერვალი მოდელირებულია ძველი ეროზიის, მყინვარული და პერიგლაციალური პროცესების მოქმედებით.

კავკასინზე გავრცელებულია ნაირგვარი გენეზისის რელიეფის ტიპები და ფორმები, ძირითადია: ეროზიული რელიეფი ნაირ-ნაირი მორფოსტრუქტურების საფუძველზე, რომელიც გართულებულია ვულკანური, მყინვარული, პერიგლაციალური, კარსტული და სხვა გენეზისის ფორმებით. არის ეროზიულ რელიეფზე დადგმული ვულკანური პლატოები, კონუსები, ღარები. პელიგლაციალურ ფორმათა განვითარების მთავარ კერას წარმოადგენს ყელის ზეგანი. კარსტულ ფორმებს - პოლიეებს, ქვაბულებს, ძაბრებს, მღვიმეებს, შრატულ ზედაპირებს დიდი ფართობი უკავია დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე და ჩრდილოეთ ფერდობზე - ყარაჩაიდან დაღესტნამდე. კავკასიონის ბევრ რეგიონში წარმოქმნილია მინერალური წყაროების მიერ დალექილი ტრავერტინის დანაგროვები (თრუსო, სამხრეთი ოსეთი, ჯვრის უღელტეხილი). დაღესტანში და სხვაგან არის ხელოვნური ტერასები.

კავკასიონი მის სხვადასხვა ადგილებში განვითარებული ტექტონიკური, მორფოგრაფიული და მორფოლოგიური თავისებურებების ნიშნით 3 ნაწილად იყოფა : 1) დასავლეთი კავკასიონი; 2) ცენტრალური კავკასიონი; 3) აღმოსავლეთი კავკასიონი.

etimologia

სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან „kaukasos“, რომელსაც თავის მხრივ სავარაუდოდ ძველირანული („kapkah“ - დიდი მთა) ან ხეთური („kazkaz“ - ტომის სახელია) წარმოშობა აქვს. არსებობს აგრეთვე ბევრი სხვა ახსნა ტერმინისა, ძირითადად ადგილობრივ ენებზე. ვახუშტი ბაგრატიონი უწოდებდა „კავკასს“, „კავკასიას“. კავკასიონი ეწოდა XX საუკუნეში.

geologiuri agebuleba

კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი ძირითადად აგებულია მეზოზოური ნალექი ქანებით. მათგან უმეტესი ფართობი იურულ ტერიგენულ წყებებს უჭირავს (შუაიურულში ფართოდაა გავრცელებული ვულკანოგენური პორფირიტული წყება, ხოლო ზედაიურულში - კარბონატული ფაციესი). ცარცული ნალექები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კარბონატული ფაციესისაა, უმთავრესად კავკასიონის ნაწილებსა და ბოლოებშია გავრცელებული. მეზოზოურის გარდა, ცენტრალურ კავკასიონზე (მდინარე ბელაიის სათავეებიდან მამისონის უღელტეხზილამდე) გაშიშვლებულია პალეოზოურ - პროტეროზოური კრისტალური ქანები (გრანიტოიდები, გნაისები, მეტამორფული ფიქლები), რომლებითაც აგებულია კავკასიონის ღეძული ზოლი და უმაღლესი მასივები. მთიანეთის შიგნით მდებარე ზოგიერთ ქვაბულში (შეფარდებითი დაძირვის არეებში) განვითარებულია პალეოგენური და ქვედანეოგენური ნალექი ქანები, იალბუზისა და ხევ-მთიულეთის რეგიონები, აგრეთვე მდინარეების რიონისა და არაგვის აუზთა ნაწილები გამოირჩევა ზედაპლიოცენურ-პლეისტოცენური და ჰოლოცენური ეფუზივების გავრცელებით. პლეისტოცენ-ჰოლოცენური ნაფენები არის მაღალმთიან ზოლში მორენების (რომლებიც აფხაზეთ-სვანეთის ზოგიერთ ხეობაში ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე და უფრო დაბლაც ჩამოდიან), ქვაბულების ფსკერისა და ტერასების ალუვიონის, ფრაგმენტულად განვითარებული ტბიური ნალექების, კარსტული მღვიმეების (მაგ., კუდაროსა და წონის) ბუნებრივი და კულტურილი ნაფენებისა და პერიგლაციალური რელიქტური ლოდნარების და სხვა სახით. კავკასიონი რთული ტექტონიკურიაგებულებისაა. მის სტრუქტურაში მონაწილეობენ სხვადასხვა ფორმის ნაოჭები, რღვევები, ნასხლეტშეცოცებანიუ. ამ უკანასკნელებთან დაკავშირებულია მინერალური წყლის მრავალი (განსაკუთრებით ხევში, სამხრეთ ოსეთში, ზემო რაჭასა და სვანეთში).

hava

კავკასიონის ჰავა ცვალებადობს როგორც სიმაღლებრივი, ისე ჰორიზონტალური მიმართულებით. აბსოლუტური სიმაღლის ზრდასთან ერთად ტემპერატურა კლებულობს (საშუალო წლიური ტემპერატურა სოხუმში უდრის 15 °C, გუდაურში 2200 მ სიმაღლეზე 2,1 °C, ყაზბეგის მაღალმთიურ სადგურზე 3700 მ სიმაღლეზე - 6,1 °C). განსაზღვრულ სიმაღლემდე (2500-3000 მ-მდე) მატულობს ნალექიანობაც. კავკასიონის დასავლეთი ნაწილი გამოირჩევა უხვი ნალექებით (გაგრის ქედზე 2300 მმ, აჭოარაში - 1800 მმ). ზღვისაკენ მიპყრობილი ფერდობების ზოგიერთ ნაწილში ნალექები წელიწადში 3000-4000 მმ უნდა აღწევდეს. აღმოსავლეთისკენ იგი კლებულობს და საქართველოს სამხედრო გზატკეცილის აღმოსავლეთით თითქმის არსად აღემატება 1800 მმ. კავკასიონის სამხრეთი ფერდობი უფრო ნალექიანია, ვიდრე ჩრდილოეთი ფერდობი. სიმაღლესთან ერთად მატულობს თოვლის საფრის ხანგრძლივობა (დაბა ყაზბეგში - 104 დღე, თუშეთის ომალოში - 121 დღე, მესტიაში - 134 დღე, ლებარდეში - 1964, მაღალმთიურ ყაზბეგში - 277 დღე). თოვლის საფრის სისქე მაღალ ადგილებში რამდენიმე მეტრს აღწევს (ლებარდეშა - 5 მ; აჩიშხოს მთაზე - 7 მ). ზვავიანობა ახასიათებს ყველა მაღალმთიან და ბევრ საშუალომთიან რაიონს.

Siga wylebi

კავკასიონზე მდინარეული ჩამონადენი მაღალია. მაღალმთიანი ზოლის დასავლეთი ნაწილის სამხრეთ ფერდობზე (აღმოსავლეთ აფხაზეთში, დასავლეთ სვანეთში და მთიან სამეგრელოში) ჩამონადენის მოდული 80-100 ლ/წმ უდრის ერთ კმ2-იდან. ჩრდილოეთ ფერდებზე და აღმოსავლეთ ნაწილში იგი ეცემა 30-40 ლ/წმ-მდე და მხოლოდ კახეთში აღწევს 70 ლ/წმ. მაღალმთიანი ზოლის მდინარეები - ენგური, რიონი, კოდორი, თერგი, ყუბანი საზრდოობენ მნიშვნელოვანწილად მყინვარებით. მაქსიმალური ხარჯი მათ ზაფხულობით აქვთ. დანარჩენი მდინარეებს წყალდიდობა გაზაფხულზე აქვთ. კავკასიონზე არის მყინვარული (თებერდა, ტობავარჩხილი, ადუედა აძიჟი, ყვარაში), კარსტული (ცერიქოლი, ერწო), ნგრევით შეგუბებული (რიწა, ამტყელი, ქვედი), ვულკანური (ყელის ზეგნის ტბები) და სხვა გენეზისის ტბები.

კავკასიის კირქვულ რაიონებში ბევრია მიწისქვეშა მდინარე (ამტყელი, თურჩუ-ტობა, შაორი-შარეულა, ბუჯა, ხეორი), უზარმაზარდებიტიანი წყაროები ანუ ვოკლუზები (წაჩხური, რეჩხი, მჭიშთა, ილორი და სხვა). მთიანეთი მდიდარია მინერალური წყაროებით, რომელთა უმრავლესობა მიეკუთვნება ცივი ნახშირმჟავო (თორღვას აბანო, შატილი) და ცივი უნახშირმჟავო (რაჭა-ლეჩხუმში, აფხაზეთში და სხვა) წყლების გამოსავლებიც.

landSaftebi

კავკასიონის ლანდშაფტები ერთმანეთს ცვლის უმთავრესად ვერტიკალური მიმართულებით და ქმნის კლაკნილსა და გრძელ ვიწრო ზონებს (სარტყლებს). გარდა ამისა, ლანდშაფტები ცვალებადობს ზღვისგან დაშორების, ფერდობთა ექსპოზიციისა და სხვა პირობების მიხედვით. ლანდშაფტური ზონების სისტემის შედგენილობა კავკასიონის სხვადასხვა ნაწილში სხვდასხვაა. გავრცელებულია აგრეთვე აზონალური (მაგ., ვულკანური, კარსტული) ლანდშაფტები. ქვევიდან ზევით გამოხატულია შემდეგი ლანდშაფტი: კოლხური ტიპის შერეული ფოთლოვანი (მუხა, რცხილა, წაბლი) ტყე, მარადმწვანე ქვეტყით (შქერი, წყავი, ბმზა, ჭყორი) და ლიანებით; წიფლნარი; ნაძვნარ-სოჭნარი; მთის მდელოები; სუბნივალური ჭიუხებისა და ღორღნალ-ლოდნარების ლანდშაფტი; ნივალური (ჭიუხ-მყინვაროვანი), მდინარეების ლიახვისა და ბაქსანის აღმოსავლეთით მუქწიწვიანი ტყე ცალკეული რელიქტური ფრაგმენტების სახით გვხვდება (ნარი - ჩრდილოეთ ოსეთში, კაწალხევი - ფშავში), ტყის ზედა სარტყელში კავკასიონის სამხრეთ კალთებზე ბატონობს წიფლნარი, ხოლო ჩრდილოეთისაზე - ფიჭვნარი და ფიჭვნარ-არყნარი. კახეთის ტყეებში შემორჩენილია სურო, წყავი, ჭყირი. არის ურთხლისა და ძელქვის რელიქტური კორომებიც (ბაწარის ხეობა, სოფ. ბაბანეურის მიდამოები). აზერბაიჯანსა და დაღესტანში კავკასიონის ქვედა ზონა ქსეროფიტულ ბუჩქნარს, ტყესყეპსა და სტეპს უჭირავს. სტეპები ფაღესტნის შიდა ნაწილში დიდ სიმაღლეებზეც გვხვდება. ლანდშაფტური ზონების საზღვრები აღმოსავლეთისკენ მაღლდება და ისეთ დონეებზე, რომლებზეც აფხაზეთში ჭიუხ-მყინვაროვანი ლანდშაფტი მეფობს, თუშეთსა და აზერბაიჯან-დაღესტანში ალპური მდელოებია გადაშლილი, ზოლო კოლხეთის ტყის დონეზე იქ სტეპია. აზონალური ლანდშაფტები განვითარებულია ყელის ვულკანურ ზეგანზე. თავისებური პერიგლაციალურ-კარსტული ლანდშაფტია არაბიკის მასივის ალპურ ზონაში, სადაც ძაბრებთან ერთად მუდმივი თოვლყინულის შემცვლელი მღვიმეები და შახტებიც გვხვდება.

didi kavkasioni

მთიანი მხარე, რეგიონს ორ ნაწილად ჰყოფს: ჩრდილოეთი კავკასია და სამხრეთი კავკასია. მისი სიგრძეა 1100 კმ, სიგანე - 180 კმ. მისი ღერძი არის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი და კავკასიონის გვერდითი ქედი, რომელთაც მთელ სიგრძეზე გასდევს 4000-5000 მ სიმაღლის განივი და გრძივი ქედები. დიდი კავკასიონის სისტემის ყველაზე მაღალი მთაა იალბუზი, რომლის სიმაღლეა 5642 მ. ამ მაჩვენებლით იგი ითვლება ევროპის უმაღლეს მწვერვალად და უსწრებს ცნობილ მონბლანს. დიდი კავკასიონი 3 ნაწილად იყოფა:

დიდი კავკასიონი ითვლება ევროპისა და აზიის ბუნებრივ საზღვრად. უფრო დაწვრილებით იხილეთ სტატიაში: ევროპა-აზიის საზღვარი.

mcire kavkasioni

მთიანი მხარე, მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, სომხეთის მთიანეთის ჩრდილოეთით. დიდ კავკასიონთან იგი დაკავშირებულია სურამის (ლიხის) ქედით. მისი სიგრძე 600 კმ-ს აღწევს, მაქსიმალური სიმაღლე 3724 მ-ს (მთა გიამიში).

კავკასიონის მთიანეთი
ქედები აბიშირა-ახუბა, ალევი, ანდი, ახცუ, აჩიშხო, ბზიფი, ბოღოსი, ბეზენგი, გიმრი, გუდამაყარი, დვალეთი, ეგრისი, კლდოვანი, კიდეგანი, ლეჩხუმი, მარკოთხი, მაკრატელა, მთიულეთი, ნუკატლი, ოხაჩქუი, პირიქითი, რაჭა, სამური, საძოვრები, სვანეთი, ქართლი, ყურო, შავანა, შოდა-კედელა, ხარული,  ხევსურეთი.
მწვერვალები იალბუზი,  დიხთაუ, ყოშთანთაუ, შხარა, ჯანღა, მყინვარწვერი, პუშკინის პიკი, კათინთაუ, შოთა რუსთაველის მწვერვალი, გისტოლა, თეთნულდი, ალექსანდრე ჯაფარიძის მწვერვალი, უშბა, უილფათა, ტიხტენგენი, მაილი, ბაზარდუზუ, ჭანჭახისწვერი, ჯიმარა, ტებულოს მთა, შანი, სუათისი, ბუბა, ლალვერი, ბურჭულა, ლაბოდა, შხელდა, ლაქუცა, ადიში, დიკლოსმთა, ქომიტო, ნამყვამი, შაჰდაღი, ადალა-შუხგელმერი, ბაშილი, დიულთიდაღი, ბაშყარა, ლეხზირი, დომბაი-ულგენი, ასმაში, ყურო, ლაჰილი, ვახუშტის მწვერვალი, თოთი.
მთები ვანდრა, ხალაწა, მარტინისმაღალი, ლაღზწითი, ჭაუხი, ამღა, ფშიში, სამერცხლე, შავი კლდე, კარეტა, წიო, დიდი ბორბალო, აგეფსთა, გალავდური, ჭითაგვალა, ლუხუნისწვერი, კაპიშისტრა, ლელააშხა, ლაღორა, ლაკუმურაშდუდი, ჭიჩო, ოთეფურა, წითელი ხატი, მილიონა, აჟარა.
უღელტეხილები მაილი, ამანაუზი, ასმაში, ჭაუხი, მამისონი, ღები, დოუ, პტიში, სანჩარო, საფრიჭა, ლიჭადი, ბაშილი.
მყინვარები ვანდრა, ხალაწა, მარტინისმაღალი, ლაღზწითი, ჭაუხი, ამღა, ფშიში, სამერცხლე, შავი კლდე, კარეტა, წიო, დიდი ბორბალო, აგეფსთა, გალავდური, ჭითაგვალა, ლუხუნისწვერი, კაპიშისტრა, ლელააშხა, ლაღორა, ლაკუმურაშდუდი, ჭიჩო, ოთეფურა, წითელი ხატი, მილიონა, აჟარა,