saqarTvelos buneba - mdinare
მდინარე – წყლის მუდმივი (შესაძლოა, სეზონურად შრებოდეს ან იცვლიდეს კალაპოტს), მნიშვნელოვანი ზომების ბუნებრივი ნაკადი (წყალდენა), ბუნებრივი გადინებით (ბუნებრივ ჩაღრმავებაში წარმოქმნილ) კალაპოტში სათავიდან ქვემოთ, შესართავამდე, რომელიც მისი აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენით საზრდოობს.
მდინარეები ჰიდროლოგიური ციკლის შემადგენელი ნაწილია. წყალი მდინარეში, როგორც წესი, გროვდება ზედაპირული ჩამონადენიდან, რომელიც წარმოიქმნება განსაზღვრულ ფართობზე მოსული ატმოსფერული ნალექებისგან, ასევე სხვა წყაროებიდან, მაგალითად, მიწისქვეშა წყლების მარაგიდან, ბუნებრივ ყინულში (მყინვარების დნობის პროცესში) და თოვლის საფარში არსებული ტენისგან.
მდინარის დინების ბუნებრივი და ხელოვნური შეფერხების ადგილებში წარმოიქმნება წყალსაცავები (გამდინარე ტბები ან ხელოვნური ზღვები). ლიმნოლოგია ანუ ტბათმცოდნეობა ჰიდროლოგიის ნაწილია, ეს არის მეცნიერება ტბებისა და სხვა მტკნარი წყალსატევების, მათ შორის წყალსაცავების ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ასპექტების შესახებ. მდინარეები, თავის მხრივ, წარმოადგენს ხმელეთის ჰიდროლოგიის ერთ-ერთი უდიდესი ნაწილის – მდინარის ჰიდროლოგიის ანუ პოტამოლოგიის შესწავლის საგანს, რომელიც სწავლობს მდინარეთა ქსელების, მდინარეთა ჩასადინრების აგებულებას, მდინარეთა აუზების მორფომეტრიას და ა. შ. როგორც წესი, მდინარეები გზას იკვალავენ და მიედინებიან უმცირესი დაძაბულობისა და წინააღმდეგობის ზონებში ტექტონური რღვევის ხაზებზე.
სწრაფი მდინარეებისა და ჩანჩქერების ენერგია ძველი დროიდან ფართოდ გამოიყენებოდა ადამიანის სამეურნეო საქმიანობაში წყლის წისქვილებისა და ჰიდროელექტროსადგურების გენერატორების ასამუშავებელი განახლებადი ენერგიის სახით.
ზოგადი მონაცემები
ნებისმიერ მდინარეში გამოყოფენ მისი წარმოქმნის ადგილს – სათავეს და ადგილს (უბანს) სადაც ის ჩაედინება ზღვაში ან ტბაში, ან სხვა მდინარეს უერთდება – შესართავს.
მდინარეებს, რომლებიც უშუალოდ ჩაედინება ოკეანეებში, ზღვებში, ტბებში, ან იკარგება ქვიშებსა თუ ჭაობებში, მთავარს უწოდებენ; მთავარ მდინარეებში ჩამავალ მდინარეებს – შენაკადებს.
მთავარი მდინარე მის ყველა შენაკადთან ერთად წარმოქმნის მდინარის სისტემას, რომელიც სიხშირით ხასიათდება.
ხმელეთის ზედაპირს, რომელზედაც მდინარე თავის წყალს აგროვებს, წყალშემკრები, ან წყალშემკრები ფართობი ეწოდება. წყალშემკრები ფართობი დედამიწის ქერქის ზედა ფენებთან ერთად შეიცავს აღნიშნული მდინარის სისტემას და განაცალკევებს მას სხვა სისტემებისგან წყალგამყოფებით.
მდინარეები, ჩვეულებრივ მიედინება გაჭიმული, ჩაღრმავებული ფორმის რელიეფის მქონე ხეობებში, რომელთა ყველაზე დაბალ ნაწილს კალაპოტი ეწოდება, ხოლო ხეობის ფსკერის იმ ნაწილს, რომელსაც მდინარის მაღალი წყლები ფარავს – ჭალა, ანუ ჭალის ტერასა.
კალაპოტებში მონაცვლეობს ლუბრმების ღრმა და ჩქერების წყალმარჩხი უბნები. კალაპოტის უღრმეს ხაზს ტალვეგი ეწოდება. ჩვეულებრივ მასთან ახლოს გადის გემების გზა – ფარვატერი. დინების უდიდესი სიჩქარეების ხაზს ღეროს უწოდებენ.
მდინარის წყალდენის საზღვარს ეწოდება ნაპირი. იმისდა მიხედვით, თუ როგორ არის განლაგებული ნაპირები მდინარის დინების მიმართულებით წყალდენის კალაპოტის შუა ხაზის მიმართ, ასხვავებენ მარჯვენა და მარცხენა ნაპირს. სიმაღლეთა სხვაობა მდინარის სათავესა და შესართავს შორის იწოდება მდინარის ვარდნად. მდინარის, ან მისი უბნების ვარდნის ფარდობას მის სიგრძესთან ეწოდება მდინარის (უბნის) დაქანება და გამოიხატება პროცენტებში (%) ან პრომილეებში (‰).
დედამიწის ზედაპირზე მდინარეები უკიდურესად არათანაბრად არის განაწილებული. ყოველ კონტინენტზე შესაძლებელია სხვადასხვა ოკეანეში ჩადინების არეების საზღვრის ძირითადი წყალგამყოფების მოხაზვა. დედამიწის მთავარი წყალგამყოფით კონტინენტების ზედაპირი ორ ძირითად აუზად იყოფა: ატლანტიკურ-არქტიკული აუზი (რომლის ფართობიდან ჩამონადენი ჩაედინება ატლანტისა და ჩრდილოეთ-ყინულოვან ოკეანეში) და წყნარი ოკეანის აუზი (ჩადინება ხდება წყნარ და ინდოეთის ოკეანეებში). ამ აუზებიდან პირველის ფართობიდან ჩამონადენის მოცულობა ბევრად აღემატება მეორის ფართობიდან ჩამონადენის მოცულობას.
მდინარეების ქსელის სიხშირე და დინების მიმართულება დამოკიდებულია თანამედროვე ბუნებრივი პირობების კომპლექსზე, მაგრამ ხშირად ისინი, გარკვეულწილად ინარჩუნებს წინა გეოლოგიური ეპოქების იერსახეს. მდინარეთა ქსელი ყველაზე ხშირი ეკვატორის სარტყელშია, სადაც მსოფლიოს უდიდესი მდინარეები, ამაზონი და კონგო მიედინება. ის ტროპიკულ და ზომიერ სარტყლებშიც ხშირია, განსაკუთრებით მთის რეგიონებში (ალპები, კავკასია, კლდოვანი მთები და ა. შ.).
შრობადი მდინარეები
უდაბნოს ზონებში გავრცელებულია ეპიზოდურად დენადი მდინარეები, რომლებიც იშვიათად, მაგალითად თოვლის დნობის, ან ინტენსიური წვიმების დროს საკმაოდ მძლავრ ნაკადებად გარდაიქმნება (ყაზახეთის ვაკისა და ცენტრალური აზიის მდინარეები საჰარისა და არაბეთის ნახევარკუნძულის უადები, ავსტრალიის კრიკები და სხვა). სეზონური დაშრობა შეიძლება ვრცელდებოდეს მდინარის დინების მხოლოდ ნაწილზე, დარჩენილ ნაწილში კი შეინიშნებოდეს მხოლოდ წყლის ხარჯის შემცირება.
კალაპოტის შეცვლა დროთა განმავლობაში მდინარემ, შესაძლოა, კალაპოტი შეიცვალოს.
უდაბნოებში შრობადი მდინარეების კალაპოტები ქვიშების გადაადგილების გამო იცვლება. გვალვის სეზონზე რელიეფი იცვლება, ამიტომ წვიმების სეზონზე წყალდენის კალაპოტმა, შესაძლოა, ნაწილობრივ სხვა ადგილზე გადაინაცვლოს. ტენიან კლიმატში მეანდრირების შემდეგ, დროთა განმავლობაში შეიძლება წარმოიქმნას ნაკალაპოტრები, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ ტბის სახით ნარჩუნდება, ხოლო მოგვიანებით ან ნესტიან მდელოდ ან ჭაობად გარდაიქმნება, ან შრება.
მდინარემ შესაძლოა კალაპოტი ადამიანის ჩარევითაც შეიცვალოს, მაგალითად, მელიორაციის ან კაშხლის მშენებლობის შედეგად.
კლასიფიკაცია, ტოპოგრაფიული კლასიფიკაცია
იმ ადგილის რელიეფიდან გამომდინარე, რომლის საზღვრებშიც მდინარე მიედინება, მდინარეები იყოფა მთისა და ბარის (ვაკის) მდინარეებად. ბევრ მდინარეზე მონაცვლეობს მთისა და ბარის უბნები.
მთის მდინარეები, როგორც წესი, გამოირჩევა დიდი დახრილობით, ბობოქარი დინებით, მიედინება ვიწრო ხეობებში, ჭარბობს ჩარეცხვის პროცესები.
ბარის მდინარეების კალაპოტები კალაპოტური პროცესების ზემოქმედების გამო დაკლაკნილი ან დატოტვილია. ბარის მდინარეებზე მონაცვლეობს კალაპოტის ჩარეცხვისა და მასზე ნატანი ნარიყის აკუმულაციის უბნები, რის შედეგადაც წარმოიქმნება შუა კუნძულები და ჩქერები, შესართავში კი დელტა. ზოგჯერ მდინარის განშტოებები სხვა მდინარეს ერთვის.
ჰიდრობიოლოგიური კლასიფიკაცია
კლასიფიკაცია სპორტის საწყლოსნო სახეობების შესაძლებლობების მიხედვით
მდინარეების სირთულის საერთაშორისო შკალის მიხედვით არსებობს სირთულის ექვსი დონე.
კლასიფიკაცია შენაკადების ქსელის კონფიგურაციის მიხედვით
შენაკადების ქსელის ხასიათის მიხედვით, რომელიც სტრალერის რიცხვით განისაზღვრება, არსებობს მდინარეების 12 კლასი. ამ სისტემაში მდინარეების სათავეები პირველ კლასს განეკუთვნება, მდინარე ამაზონი კი – მეთორმეტეს.
მდინარეების გამოყენება
მდინარეები უძველესი დროიდან გამოიყენება მტკნარი წყლის წყაროს სახით, საკვების მოსაპოვებლად (თევზჭერა), სატრანსპორტო მიზნებისთვის, თავდაცვით საშუალებად, ტერიტორიების გასამიჯნად, როგორც ულევი (განახლებადი) ენერგიის წყარო (მანქანა-დანადგარების, მაგალითად წყლის წისქვილის ან ჰიდროელექტროსადგურის ტურბინის ბრუნვა), საბანაოდ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სარწყავად და როგორც ნარჩენების მოშორების საშუალება.
მდინარეები ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა ნავიგაციისთვის. მდინარეებზე ნავიგაციის შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები მდინარე ინდის დაბლობის ცივილიზაციას განეკუთვნება, რომელიც არსებობდა პაკისტანის თანამედროვე ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 3 300 წლის წინ. სამდინარო ნავიგაციის გამოყენება ადამიანის სამეურნეო საქმიანობაში უზრუნველყოფს იაფი (საწყლოსნო) ტრანსპორტის არსებობას და დღემდე ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს ისეთ ყველაზე დიდ მდინარეებზე, როგორებიც არის ამაზონი, ინდი, განგი, ნილოსი და მისისიპი (მდინარე). მავნე მდინარის ხომალდების მავნე გამონაბოლქვების რაოდენობა მთელს მსოფლიოში არ არის მკაცრად რეგლამენტირებული და არ რეგულირდება, რაც ხელს უწყობს დედამიწის ატმოსფეროში დიდი რაოდენობით სათბურის გაზების მუდმივად გამოყოფას, გარდა ამისა, საწყლოსნო ტრანსპორტის მიერ გამოყოფილი მავნე ნაწილაკების შემცველი ჰაერით სუნთქვის შედეგად იზრდება ადგილობრივი მოსახლეობის ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადების დონე.
მდინარეები მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკური საზღვრების განსაზღვრასა და გარეშე მტრების შემოსევისგან ქვეყნის დაცვაში. მაგალითად, დუნაი რომის იმპერიის ძველი საზღვრის ნაწილი იყო, დღეს კი ეს მდინარე აყალიბებს ბულგარეთსა და რუმინეთს შორის არსებული საზღვრის უმეტეს ნაწილს. მისისიპი ჩრდილოეთ ამერიკაში და რაინი ევროპაში ძირითადი საზღვრებია, რომლებიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს შესაბამის კონტინენტებზე განლაგებულ ქვეყნებს. აფრიკის სამხრეთ ნაწილში მდინარეები ორანჟი და ლიმპოპო ქმნის საზღვრებს მათი მარშრუტის გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებსა და პროვინციებს შორის.
დატბორვა
მდინარის გადმოსვლა ნაპირებიდან (ანუ წყალდიდობა) მდინარის ბუნებრივი ციკლის ნაწილი – მდინარის წყლის რეჟიმის ერთ-ერთ ფაზას წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად წელიწადის ერთსა და იმავე სეზონზე მეორდება – მდინარის წყლიანობის შედარებით ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ზრდა, რაც მისი დონის აწევას იწვევს. ჩვეულებრივ, თან ახლავს წყლის გადმოსვლა წყალმცირობის კალაპოტიდან და ჭალის დატბორვა.
წყალმოვარდნა – მდინარის წყლის რეჟიმის ფაზა – მდინარეში წყლის დონის შედარებით ხანმოკლე და არაპერიოდული აწევა, რომელიც გამოწვეულია თოვლის, მყინვარების გაძლიერებული დნობით და უხვი წვიმებით. წყალდიდობისგან განსხვავებით წყალმოვარდნა არ მეორდება პერიოდულად და წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. მნიშვნელოვანმა წყალმოვარდნამ, შესაძლოა, წყალდიდობა გამოიწვიოს. მდინარეზე წყალმოვარდნის გადაადგილების პროცესში წარმოიქმნება წყალმოვარდნის ტალღა.
დატბორვა – ადგილის დატბორვა წვიმების, თოვლის ინტენსიური დნობის, სანაპიროზე ქარით მოდენილი წყლისა და სხვა მიზეზების გამო მდინარეებში, ტბებში, ზღვებში წყლის დონის აწევის შედეგად. ის ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და, შესაძლოა, მათ დაღუპვასაც კი გამოიწვიოს, ასევე დიდი მატერიალური ზარალი მოაქვს. ქარით წყლების მოდენა მდინარეების ზღვებთან შესართავებში, ზღვების, დიდი ტბების, წყალსაცავების ქარიან უბნებზე წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ახასიათებს პერიოდულობის არარსებობა და წყლის დონის მნიშვნელოვანი აწევა.
მდინარეების კალაპოტების ეროზიისა და გამორეცხილი ქანების შესაბამის ჭალებში დალექვის პროცესის უმეტესი ნაწილი წყალმოვარდნის დროს ხდება. დედამიწის ბევრ განვითარებულ რაიონში ადამიანის სამეურნეო საქმიანობამ შეცვალა მდინარეების კალაპოტების ფორმა და გავლენა იქონია წარმოქმნილი დატბორვების სიდიდესა (ინტენსივობასა) და სიხშირეზე. მდინარეების ბუნებრივ მდგომარეობაზე ადამიანის ზემოქმედების მაგალითებად შესაძლოა მოვიყვანოთ ჯებირების აღმართვა (შექმნა), კალაპოტის გასწორება (არხების მშენებლობა) და ბუნებრივი წყლიან-ჭაობიანი სავარგულების ამოშრობა. უმეტეს შემთხვევებში ადამიანის უყაირათო საქმიანობა მდინარეების ჭალებში იწვევს დატბორვის წარმოქმნის რისკის ზრდას:
მდინარის კალაპოტის ხელოვნური გასწორება საშუალებას აძლევს წყალს, უფრო სწრაფად იდინოს ქვევით და ზრდის ადგილის დატბორვის რისკს დინების ქვედა წელში;
მდინარის ჭალის ხასიათის შეცვლა (გასწორება) აქრობს წყალმოვარდნის საწინააღმდეგო ბუნებრივ წყალსაცავებს, რაც ზრდის მდინარის ქვედა წელში წყალმოვარდნის რისკს.
ხელოვნური ნაყარის ან ჯებირის შექმნას მხოლოდ იმ ადგილის დაცვა შეუძლია, რომელიც მდინარის დინების ქვედა წელშია (ჯებირიდან დინების მიმართულებით), მაგრამ ვერ იცავს იმ ადგილებს, რომლებიც მდინარის დინების ზედა წელში (ჯებირიდან მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით) მდებარეობს.
ჯებირის არსებობამ, ნაპირების გასწორებამ და გამაგრებამ (მაგალითად, სანაპიროების შექმნამ და ა. შ.) ასევე შესაძლოა გაზარდოს დატბორვის რისკი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მათ ზემოთ, მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მდებარეობს. ამის შედეგად ხდება უკუდენის გართულება და დაღმავალ ნაკადზე მოქმედი წნევის ზრდა, რაც გამოწვეულია გამაგრებულ ნაპირებს შორის არსებული არხის სივიწროვის გამო წყლის ნორმალური უკუდენის შეფერხებით.
მიწისქვეშა მდინარე
მდინარეთა უმეტესობა, მაგრამ არა ყველა მდინარე დედამიწის ზედაპირზე მიედინება. მიწისქვეშა მდინარეები მიწის ქვეშ, გამოქვაბულებში მიედინება. მსგავსი მდინარეები ხშირია იმ რეგიონებში, სადაც გეოლოგიურ ფორმაციებში არის კირქვის (კარსტული) დანალექები. გარდა ამისა, არის უშუალოდ მყინვარის ტანში, ფშატალით (გამდნარი წყლით) წარმოქმნილი გამოქვაბულები. ასეთი გამოქვაბულები ბევრ მყინვარში გვხვდება. ასეთ ფშატალას შთანთქავს მყინვარის ტანი მსხვილ ბზარებზე ან ბზარების გადაკვეთებზე, რითაც ქმნის გასასვლელებს, რომლებშიც, ზოგჯერ, ადამიანსაც კი შეუძლია გაიაროს. ასეთი გამოქვაბულების სიგრძე, შესაძლოა, რამდენიმე ასეულ მეტრს შეადგენდეს, სიღრმე შეიძლება 100 მეტრამდე ან მეტიც იყოს. 1933 წელს გრენლანდიაში აღმოაჩინეს და გამოიკვლიეს 173 მეტრის სიღრმის გიგანტური მყინვარული ჭა „იზორგოტი“, რომელშიც წყლის მოდენა ზაფხულში 30 მ3-ს და მეტსაც შეადგენდა. წყლისთვის (ან ყინულისთვის) შეუღწევადი, გეოლოგიური ქანებისგან წარმოქმნილი „სახურავის“ არსებობისა და მაღალი წნევის გამო, რომელიც მყინვარის ზედა მასივებისკენ არის მიმართული, იქმნება, ე.წ. ტოპოგრაფიული გრადიენტი – ასეთ ნაკადებს მთაზე აღმა დენაც კი შეუძლია. მყინვარული გამოქვაბულების კიდევ ერთი სახეობაა გამოქვაბულები, რომლებიც იმ ადგილებში წარმოიქმნება, სადაც მყინვარის შიდა და მის ქვეშ არსებული წყალი მყინვარის პირზე გამოდის. ფშატალი ასეთ გამოქვაბულებში შეიძლება მიედინებოდეს როგორც მყინვარის სარეცელზე, ასევე მის ყინულზე.
როგორც წესი, წყალი ბევრ გამოქვაბულში არის, ხოლო კარსტული გამოქვაბულები თავის წარმოშობას მას უნდა უმადლოდეს. გამოქვაბულებში შესაძლოა იყოს კონდენსატის აფსკები, წვეთები და მდინარეები, ტბები და ჩანჩქერები. გამოქვაბულებში არსებული სიფონები საკმაოდ აძნელებს გავლას, მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას და განსაკუთრებულ მომზადებას. არც თუ იშვიათად გვხვდება წყალქვეშა გამოქვაბულები. გამოქვაბულის შესასვლელის წინ წყალი ხშირად გაყინულ მდგომარეობაშია, ყინულოვანი დანალექების სახით. ეს დანალექები ხშირად ძალიან დიდი და მრავალწლიანია.
მიწისქვეშა მდინარე პუერტო-პრინსესა – მიწისქვეშა მდინარე ფილიპინების ქალაქ პუერტო-პრინსესასთან, კუნძულ პალავანზე (ფილიპინები). მდინარის სიგრძე დაახლოებით 8 კმ-ია, მიედინება მიწის ქვეშ, გამოქვაბულში, სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიმართულებით. მისი ადგილმდებარეობის რაიონში შექმნილია ქალაქ პუერტო-პრინსესაც მიწისქვეშა მდინარის ეროვნული პარკი – ნაკრძალი, რომელიც ქალაქიდან 50 კმ-ში მდებარეობს. პარკი სენტ-პოლის მთიანი ქედის რაიონშია, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში და შემოფარგლულია სენტ-პოლის უბით და მდინარე ბაბუიანით. ცნობილია ასეთი მდინარე მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზეც არის, მაგრამ ეს უდიდესად არის აღიარებული. ორივე მდინარე თავის წარმოშობას კარსტულ რელიეფს უნდა უმადლოდეს. კარბონატული ქანების გახსნისა და მდინარის ფართო მიწისქვეშა სისტემის ფორმირების წყალობით ამ მდინარეების წყალმა იპოვა ქვევით მიმავალი გზა და შეიცვალა დინების მიმართულება.
მდინარე ხამზა – მდინარე ამაზონის კალაპოტის ქვეშ არსებული მიწისქვეშა დიმენის არაოფიციალური სახელწოდება. „მდინარის“ აღმოჩენის შესახებ 2011 წელს გამოცხადდა. არაოფიციალური სახელი ეწოდა ინდოელი მეცნიერის ვალია ხამზას საპატივცემულოდ, რომელიც 45 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკვლევდა ამაზონს.
საქართველოზე გამავალი უდიდესი მდინარეები |
# | მდინარე | სიგრძე (კმ) | რომელ მხარეში მიედინება |
1 | მტკვარი | 1364 | სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი |
2 | თერგი | 623 | მცხეთა-მთიანეთი |
3 | ჭოროხი | 438 | აჭარა |
4 | ალაზანი | 351 | კახეთი |
5 | რიონი | 327 | რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი |
6 | იორი | 320 | მცხეთა-მთიანეთი, კახეთი |
7 | ენგური | 213 | სამეგრელო-ზემო სვანეთი, აფხაზეთი |
8 | ხრამი | 201 | ქვემო ქართლი |
9 | ცხენისწყალი | 176 | რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი |
10 | ხობისწყალი | 150 | სამეგრელო-ზემო სვანეთი |