saqarTvelos buneba - mTa
რელიეფის დადებითი ფორმა, ადგილის იზოლირებული მკვეთრი ამაღლება გამოხატული ფერდობებით და ძირით, ან მწვერვალი მთიან ქვეყანაში. მწვერვალის ხასიათის მიხედვით განარჩევენ პიკისებრ, გუმბათისებრ, პლატოსებრ და სხვა მთებს. წყალქვეშა მთების მწვერვალები შესაძლოა კუნძულებს წარმოადგენდეს. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ ტექტონიკურ-დენუდაციური და ვულკანური წარმოშობის მთებს.
მთის მიკრორელიეფის ელემენტები
მთებში, განსაკუთრებით კი მაღალ მთებში წარმოდგენილია მიკრორელიეფის მრავალი სახეობა (რელიეფის მცირე ფორმები, რომელთა განივკვეთი და სიმაღლე რამდენიმე მეტრს არ აღემატება), რომელიც არ არის დამახასიათებელი დედამიწის ზედაპირის ვაკე უბნებისთვის.
მთის მიკრორელიეფის ელემენტებს განეკუთვნება:
მწვერვალები
ძირები
ფერდობები
უღელტეხილები
ხეობები
თხემები
მყინვარები
მორენები
და სხვა
მაღალ მთებში მიკრორელიეფის ბევრი ელემენტი (მაგალითად მორენები) მყინვარული წარმოშობისაა და ამიტომ არ გვხვდება საშუალო სიმაღლის მთებსა და დაბლობ ადგილებში, სადაც მყინვარების არსებობის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა.
მთების სიმაღლე
ფარდობითი და აბსოლუტური სიმაღლიდან გამომდინარე მიღებულია მთების დაყოფა შემდეგ ჯგუფებად:
მაღალი, ფარდობითი სიმაღლე – 2 კმ-ზე მეტი, აბსოლუტური – 3 კმ-ზე მეტი
საშუალო, ფარდობითი სიმაღლე – 0,8-2 კმ, აბსოლუტური – 1-3 კმ
დაბალი, ფარდობითი სიმაღლე – 500-800 მ, აბსოლუტური – 1000 მ-მდე
ყველაზე მაღალი მთები კონტინენტებისა და ქვეყნის ნაწილების მიხედვით
ძირითადი სტატია: მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთების სია
ჯომოლუნგმა (ევერესტი), აზია (აბსოლუტური სიმაღლე – 8848 მ)
აკონკაგუა, სამხრეთ ამერიკა (6959 მ)
დენალი, ჩრდილოეთ ამერიკა (6159 მ
კილიმანჯარო, აფრიკა (5895 მ)
იალბუზი, ევროპა (5642 მ) (საკამათოა, იალბუზი ევროპას ეკუთვნის თუ აზიას)
ვინსონის მასივი, ანტარქტიდა 4897 მ)
მონბლანი, ევროპა (4808 მ) (თუ საკამათო იალბუზი აზიას მიაკუთვნეს, მაშინ მონბლანი)
კოსციუშკო, ავსტრალია (2228 მ)
მთები და ადამიანი
ანთროპოგეოგრაფიული თვალსაზრისით მთები გეოგრაფიული პირობების საკმაოდ მრავალფეროვანი და, ძალიან ხშირად, რთული კომპლექსია. ამ პირობების ანალიზის დროს ანთროფოგეოგრაფია წინა პლანზე წევს ამა თუ იმ მთიანი ლანდშაფტის ინდივიდუალურ-გეოგრაფიულ პირობებს, ამასთან, ისტორიულ, ეკონომიკურ და სხვა პირობებთან კავშირში. ასე მაგალითად, ამა თუ იმ უღელტეხილზე მიმოსვლის გზების შერჩევისას ხშირად ისტორიული, ეკონომიკური და სტრატეგიული პირობები უფრო დიდ როლს თამაშობდა, ვიდრე ბუნებრივი პირობები. მაგრამ ანთროპოგეოგრაფიისთვის არც საშუალო ჰიფსომეტრიული პირობებია მაინცდამაინც უმნიშვნელო, განსაკუთრებით საშუალო სიმაღლეები ზღვის დონიდან, რადგან მასზეა დამოკიდებული მოსახლეობის განაწილება.
სიმაღლე და დასახლებულობა
ზოგიერთი მთა ძალიან დიდი ხნის წინ დასახლდა. ალპებში ჯერ კიდევ რომაელების დასახლებებამდე იყო ლიგურების, კელტების, რეთების, ილირიელების დასახლებები. მთებში ცხოვრების სირთულე იქ მოსახლეობის ნაკლებად გავრცელებას და ნელ ზრდას, ხშირად კი მის კლებას განაპირობებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც განვითარდა სოფლებიდან ქალაქებში მიგრაცია. მაგალითად, საფრანგეთის მაღალმთიანი ალპების დეპარტამენტები გამოირჩევა მოსახლეობის ყველაზე დიდი კლებით ქვეყანაში.
ევროპაში თითქმის ყველას საწარმოო რეგიონი დაბლობებსა და დაბალ გორაკებიან ქვეყნებში განლაგებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი მოსახლეობა ზღვის დონიდან 300 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე, ხოლო ის მოსახლეობა, რომელიც ვაჭრობით და წარმოებით არის დაკავებული, მოჰყავს ბამბა, ბრინჯი და შაქრის ლერწამი, ცხოვრობს ზღვის დონიდან 150 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე. მოსახლეობა მხოლოდ თანდათანობით იკავებს დიდ სიმაღლეებს. საშუალო სიმაღლე, რომელზეც აშშ-ს მოსახლეობა ცხოვრობდა 1870 წელს, იყო 210 მეტრი, 1890 წელს კი – 240 მეტრი (აშშ-ს ტერიტორიის საშუალო სიმაღლეა 750 მეტრი). 900 მეტრზე მაღლა აშშ-ში ცხოვრობდა: 1870 წელს – 0,4 მილიონი ადამიანი, 1880 წელს – 0,8 მილიონი, 1890 წელს – 1,5 მილიონი, 1900 წელს – 2,1 მილიონი ადამიანი. სიმაღლის ზრდასთან ერთად მოსახლეობის სიმჭიდროვის შემცირება დამოკიდებულია არა მხოლოდ კლიმატური პირობებზე, არამედ მთის პირობებში კომუნიკაციებისა და მიმოსვლის სირთულეებზე.
მთები და კლიმატი
ადამიანის სამეურნეო ინტერესების თვალსაზრისით, ცალკეული კლიმატური პარამეტრის ცვლილება სიმაღლის შესაბამისად ყოველთვის არ არის უარყოფითი. სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურა მცირდება, მაგრამ, ნალექების რაოდენობა გარკვეულ სიმაღლემდე იზრდება. ზომიერ კლიმატში მთიანეთებს ცივი კლიმატი აქვს, ცხელში – ზომიერი, მშრალში – ნოტიო. ამას უკავშირდება მდელოების (საძოვრების) განვითარება შუა აზიის მთიანეთში, მაღალმთიანი კულტურებისა – ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. დადებითი მხარეა ოროგრაფიის მრავალფეროვნებით შექმნილი კლიმატური პირობების მრავალფეროვნება, მაშინ როდესაც ერთგვაროვან ოროგრაფის ერთგვაროვანი კლიმატი აქვს. ცხელ სარტყელში (ინდოეთის ჩრდილოეთი მხარე, ამერიკის ტროპიკული რეგიონები) მაღლობებზე ერთმანეთის მიყოლებით 3-4 კმ სიმაღლეზე არის ცხელი, ზომიერი და ცივი სარტყლები.
მთებში კლიმატური პირობების მრავალფეროვნებას აძლიერებს ოროგრაფიის ზეგავლენა ჰაერის დინებებსა და მზის სინათლეზე. ქარპირა მხარეს ნალექების სიუხვის შედეგად მცირდება მათი რაოდენობა ქარზურგა მხარეს. მთები გზას უღობავენ ქარს და განსაკუთრებულ პირობებს ქმნიან ჰაერის ნაკადის თხემებზე გადასვლისა და მათი ფერდობებზე დაშვებისთვის (ფენი, ბორა, მისტრალი, ნორდოსტი). მზის მიმართ შედარებით ხელსაყრელი მდგომარეობის გამო ალპურ ველებზე ხეები იძულებული არიან მზის მხარეს შევიწროვდნენ, რადგან ჩრდილის მხარეს საკმაოდ ცივა. მთების კლიმატური გავლენა კიდევ იმის გამოა მნიშვნელოვანი, რომ ქარების უპირატესი მიმართულების გარდიგარდმო მდგარი მთები კლიმატური ბარიერია, რომელიც აკავებს ნალექებს ქარპირა მხარეს და, ამის შედეგად, მშრალ კლიმატს ქმნის მთების ქარზურგა ფერდებზე და ქარზურგა მხარეს არსებულ ველებზე, პირველ რიგში კი იცავს მათ ცივი ქარებისგან. ალპური სისტემა ამგვარად ქმნის მკვეთრ კლიმატურ საზღვარს ორ კლიმატურ პროვინციას: ხმელთაშუაზღვის სუბტროპიკულ და დანარჩენი ევროპის ზომიერ კლიმატს შორის.
ზონალურობა და დასახლებათა საზღვრები
სიმაღლებრივი კლიმატური ზონალურობა განსაზღვრავს მცენარეულ ზონალურობას, ხოლო მასთან პარალელურად სამეურნეო, ზოგჯერ კი ეთნოგრაფიულ ზონალურობასაც.
ცენტრალურ აზიაში სრულიად განსხვავებულად გამოიყენება ვაკე ველების, მთის ნაპირა და მაღალმთიანი ზონები: ველები დაკავებული აქვთ მომთაბარეებს; მთის ნაპირები მჭიდროდ არის დასახლებული: აქ მიწათმოქმედთა სოფლებთან ერთად ბევრი ქალაქია, რომლის მოსახლეობა ხელოსნობით და ვაჭრობით არის დაკავებული: თავად მთებზე კი მოსახლეობა იშვიათია, რომელიც პრიმიტიული მიწათმოქმედებით და მეცხოველეობით არის დაკავებული. სოფლის მეურნეობის ელემენტების ვერტიკალური ზონალურობის კარგი მაგალითია ამიერკავკასია. ასეთივე დაყოფაა იმ ქვეყნებში, რომლებშიც ატლასის მთები მდებარეობს, მაგრამ ის გართულებულია ეთნიკური განსხვავებებით: უდაბნოში ცხოვრობენ ტუარეგები, მთის ნაპირში და მთებში – ბერბერები. ალპებში ჩანს მევენახეობის, მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის საფეხურებრივი მოწყობა. ეტნის მთაზე (ჩრდილოეთ განედის 38°) სიმაღლის მიხედვით გამოარჩევენ კულტურულ, ტყისა და უდაბურ ზონას. კულტურული ზონა ვრცელდება 1550 მეტრის სიმაღლემდე (პურეული მცენარეების საზღვრამდე), მაგრამ თუ საკვებ წაბლს ჩავთვლით, რომელიც პურის სუროგატს იძლევა, 1850 მეტრამდეც. კულტურული ზონის ქვედა ნაწილი უჭირავს ვენახებს, ფორთოხლის, ლიმნისა და ზეითუნის კორომებს; ყველაზე მაღლა, 800 მეტრამდე ზეთისხილის ხე ადის. შემდეგ მოდის ზომიერი კლიმატის ხეხილისა და პურეული მცენარეების ზონა. სოფლები ეტნაში ზეთისხილის ხის ზონაში მთავრდება. ყველაზე მაღლა მეტყევეების სახლებია (1400-1500 მეტრის სიმაღლეზე). ალპებში, ტიროლისა და შვეიცარიის ცალკეული სოფლები თითქმის 2000 მეტრის სიმაღლეზეა, მაგრამ უმეტესწილად ამ სიმაღლეზე მხოლოდ ქოხებია, რომლებსაც ზაფხულის სეზონზე მწყემსები და მეყველეები იკავებენ, მუდმივად დასახლებული სოფლები კი საშუალოდ, 1000-1300 მეტრის სიმაღლეზე მთავრდება.
მაგრამ თუ ზომიერ კლიმატში, როგორც წესი, სიმაღლის ზრდასთან ერთად მკვეთრად ეცემა მოსახლეობის რაოდენობა, ტროპიკულ ოლქებში, სადაც დაბლობში ცხოვრება, არცთუ იშვიათად, უკიდურესად მავნეა ჯანმრთელობისთვის, აღინიშნება მოსახლეობის კონცენტრაცია დიდ სიმაღლეებზე. ქალაქების, მათ შორის მსხვილი ქალაქების უმრავლესობა დაახლოებით 2000 მეტრის სიმაღლეზეა. ზომიერ ზოლში ყველაზე მაღალი დასახლებების კავკასიაშია, მაგრამ აქაც კი მათი ადგილმდებარეობის სიმაღლე არ აჭარბებს 2,5 კმ-ს (დაბა ურუში); არის ქალაქები 2,5 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე (შუშა 1547 მ, ლენინაკანი 1548 მ, ყარსი 1776 მ). ორჯერ მეტ სიმაღლეს ვხვდებით ტიბეტში, 30-ე პარალელთან: ლხასა 3630 მეტრის სიმაღლეზეა, გარტოკი დაახლოებით 4,5 კმ-ს სიმაღლეზე. ეთიოპიაში პურის მოყვანისა და მუდმივი საცხოვრებლების საზღვარი 3900 მეტრის სიმაღლეს აღწევს. ასეთსა და კიდევ უფრო მეტ სიმაღლეს აღწევს დასახლებები სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ნაწილში: სერო-დელ-პასკო პერუში 4350 მეტრის სიმაღლეზეა, ქალაქი პოტოსი ბოლივიაში – 3960 მეტრის სიმაღლეზე, მის მახლობლად არსებული მაღაროელთა დასახლება (ვერცხლის მაღაროები) კი – ზღვის დონიდან 5000 მეტრზე.
მთის ფერდობები და ვაკეები
მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც გაადვილა მთიანი რეგიონების დასახლება, იყო ის, რომ მთები იშვიათად არის ვაკიდან ციცაბოდ აზიდული. გამოფიტვის, გამორეცხვისა და გამდინარე წყლებით მოსწორების წყალობით ფერდობების დახრილობა რბილდება, ყალიბდება თანდათანობითი დახრა ან საფეხურებად წყობა, ხეობები ღრმავდება, მაღლა მთებში ადის და წარმოქმნის ქვემოდან მაღლა, მთებში ასასვლელად მოხერხებულ გზებს. ამიტომ მთები იშვიათად არის სრულიად მიუდგომელი. დაბლობის კულტურებს შეუძლია ფერდობებითა და ხევებით შეაღწიოს ძალიან მაღლა, ზევით და ღრმად მთიან ქვეყანაში და პირიქით, მთის კულტურები ქვემოთ ჩამოდის. ამიტომ მცენარეულობა დამრეც ფერდობებსა და მთის ხეობებში განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დაბალი ფერდობები, თავისი მცენარეულობის მრავალფეროვნებისა და კარგი მორწყვის წყალობით, ასევე ადვილი კავშირ-ურთიერთობების ხელმისაწვდომობით, ყოველთვის იყო მთიან რეგიონებში ადამიანის ბინადრობის საყვარელი ადგილი; განსხვავებული ბუნებრივი პირობებისა და კავშირ-ურთიერთობების ხელმისაწვდომობის შეხამების წყალობით აქ, მცირე სივრცეში, შრომის ყველაზე მრავალფეროვანი განაწილების პირობები იქმნებოდა. ვიწრო ხეობებში მოსახლეობა ხეობის ძირთან შედარებით ფერდობებს ანიჭებს უპირატესობას კლიმატური მოსაზრებების გამოც: ისინი უკეთ არის განათებული და უკეთ ნიავდება, მაშინ, როდესაც ვიწრო ხეობის სიღრმეში ცოტა მზეა, გუბდება ანაორთქლი და ხანგრძლივად დგას სქელი ნისლი.
და მაინც, ადამიანის ცხოვრება მთიან ქვეყნებში უპირატესად ხეობებშია თავმოყრილი. ხეობებით წარმოებს კავშირ-ურთიერთობები, მათ გასწვრივ იყრის თავს ყველაზე ხშირი მოსახლეობა. ნატანისა და შვავის წყალობით მათში უფრო თანაბარი და ნაყოფიერი მიწაა; ქარისგან დაცულობისა და ზღვის დონიდან შედარებით დაბალი სიმაღლის წყალობით უფრო რბილი კლიმატია, ვიდრე მთის თხემებზე; აქ იქმნება კავშირ-ურთიერთობებისთვის ყველაზე გაადვილებული პირობები როგორც მთავარ ხეობებში, ასევე განშტოებებში. ამიტომ ხეობებით სიმდიდრე და მათი განლაგება ძალიან მნიშვნელოვანია მთების ასათვისებლად.
ნაოჭა მთებში მთის სისტემები დასერილია გრძელი და უმეტესად ფართო განივი ხეობებით. კავშირ-ურთიერთობების შედარებითმა სიადვილემ, ნაყოფიერებამ და მრავალი ასეთი ხეობის დიდმა განფენილობამ ისინი ისტორიულად მნიშვნელოვნად აქცია (ზედა რონისა და ზედა რაინის ხეობა, ინისა და ადიჯეს ხეობები) (ეჩა). მასიური მთები ჩვეულებრივ იკვეთება არა განივი, არამედ სიგრძივი, მოკლე, ვიწრო და ჩაკეტილი ხეობებით. ასეთი ხეობები, უმეტესწილად, მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობისაა, რადგან მასივის შიდა ნაწილს მის გარეუბნებს უკავშირებს.
განსაკუთრებით დიდი ანთროპოგეოგრაფიული მნიშვნელობა აქვს ხეობებში არსებულ გაფართოებულ ქვაბულებს. ჩვეულებრივ ამ ქვაბულებთან მიდის გვერდითი ხეობები და როდესაც მთელი ხეობა კავშირ-ურთიერთობების გზებს წარმოადგენს, მისი გაფართოებული ნაწილი მათი კვანძი ხდება. ასეთი ქვაბულების ნაწილი ჩანაქცევია (ჩანაქცევ ქვაბულებში მდებარეობს ფლორენცია, ვენა, მაინცი და ლუბლიანა). მარამ, უფრო ხშირად ქვაბული არის ხეობის გაფართოებული ნაწილი, რომელიც საგუბრით, ხეობის დატოტვით, გვერდითი მდინარეების ჩაიდნებით არის წარმოქმნილი. ჩვეულებრივ, დასახლებულია ხეობის გაფართოებული ნაწილი, დანარჩენი ხეობა კი მხოლოდ გადაადგილებისთვის გამოიყენება. გასაჩერებელი პუნქტებიც სწორედ გაფართოებაზე, უფრო ბრტყელ უბნებზე მოდის.
მაგრამ ხეობები არ წარმოადგენს უნაკლო გზას მთელ თავის სიგრძეზე. ფართო უბნები ხშირად მთის ვიწრო ხეობებთან მონაცვლეობს; მთებიდან წყლის მოვარდნა გაუვალს ხდის ხეობის ფსკერისკენ მიმავალ გზებს. იყო დრო, როდესაც ვიწრო ხეობებში გადაადგილება საშიში იყო ყაჩაღური თავდასხმების გამოც. ამიტომ, გრუნტის გზების ეპოქაში ხეობების გზების გარდა მთის გზებიც არსებობდა. ამ გზებზე განლაგებული იყო მცირე ქალაქები, რომელთა კედლები და საგუშაგო კოშკები მეტყველებს მთის გზების ძველ ტრასებზე. რაც უფრო მშვიდი ხდებოდა ცხოვრება, მთის კალთებიდან მით უფრო დაბლა, ბარისკენ ეშვებოდა ქალაქების გარეუბნები. აქეთ ინაცვლებდა ქალაქური ცხოვრების სიმძიმის ცენტრი, აქვე იყრიდა თავს კავშირ-ურთიერთობების ძირითადი ნაკადები. დასახლებებისა და გზების ასეთი გადანაცვლების კვალი დღემდე შეიმჩნევა ვოგეზისა და შვარცვალდის მთებში. შედარებით მსხვილი დასახლებები, ჩვეულებრივ, იქმნებოდა მთისპირებში, იქ, სადაც ხეობები დაბლობს უახლოვდებოდა. აქ წარმოიშვებოდა საქონელგაცვლის გამანაწილებელი პუნქტები. აქვე აშენებდა სიმაგრეებს დაბლობის მოსახლეობა, მთიელების შემოჭრისგან თავის დასაცავად. იქ სადაც მთის ხეობებს მთის პირების გასწვრივ დაბლობზე გამავალი გზები კვეთდა, იქმნებოდა საკმაოდ დიდი სავაჭრო ქალაქები (თბილისი ამიერკავკასიაში, მილანი ჩრდილოეთ იტალიაში, მიუნხენი ბავარიაში, ლიმა პერუში).
მთები და კავშირ ურთიერთობები
ნებისმიერი უსწორმასწორობის გადალახვა ზედმეტი ენერგიის ხარჯვას საჭიროებს, ამიტომ უსწორმასწორობა ართულებს გადაადგილებას. განსაკუთრებით აძნელებს გადაადგილებას მთის უსწორმასწორობების მასიური თავმოყრა. ამიტომ მოძრაობა, უმთავრესად დაბლობებზე მიემართება, მთებში კი ხეობებზე და თავს არიდებს მკვეთრ დახრილობას. მაგრამ მთების მიერ მოძრაობისთვის შექმნილი სირთულეები ფარდობითია და არა აბსოლუტური. ალპები მუდმივად გადაულახავ ბარიერად არ დარჩენილა რომაელების მათგან ჩრდილოეთით და დასავლეთის გავრცელების გზაზე. ვინდის ქედმა ინდოსტანში მხოლოდ დროებით შეაფერხა არიელების გადაადგილება. რომელიმე ქვეყნის დასახლებისას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მთების განლაგება ნაპირის მიმართ. მთის ქედებმა, რომლებიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაპირებს გასდევს, დიდი ხნით შეაფერხა (განსაკუთრებით, სამხრეთ ამერიკაში) შიდა სივრცეების ათვისება. ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა მანამ, სანამ ავსტრალიის ინგლისელმა ახალმოსახლეებმა აღმოსავლეთ სანაპიროდან ავსტრალიური ალპების შედარებით დაბალი ქედის მეორე მხარეს შეაღწიეს. მაგრამ სანაპირო მთები სერიოზული დაბრკოლება იყო, განსაკუთრებით გრუნტის გზების ხანაში. ტექნიკის თანამედროვე დონისთვის არ არსებობს ისეთი ქედები, რომლებზეც შეუძლებელი იქნებოდა რკინიგზის გაყვანა. მთებში მოძრაობის მეტი ან ნაკლები სირთულე იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მასიური ან დანაწევრებულია ისინი. ნაოჭა მთების უპირატესობა ის არის, რომ ისინი მდიდარია განივი ხეობებით, რაც მთიანი ქვეყანის სიღრმეში შესვლის საშუალებას იძლევა. მაგრამ განივი ხეობების გარდა ქედში ტაფობები და უღელტეხილებიც უნდა იყოს, რაც ქედზე გარდიგარდმო მოძრაობას ამსუბუქებს.
მცირე აბსოლუტური სიმაღლის შემთხვევაშიც კი მთები მნიშვნელობანი დაბრკოლებაა კავშირ-ურთიერთობებისთვის, თუ მათში არ არის ასეთი ტაფობები. ასეთია იურის მთები, სკანდინავიის მთები, რომლებშიც არ არის მნიშვნელოვანი ტაფობები 15° მანძილზე, აპალაჩის მთები, რომელსაც მხოლოდ ერთი ტაფობი აქვს საკმაოდ მაღალი ქედის მთელ სიგრძეზე. განსაკუთრებით დიდ სირთულეებს ქმნის ტაფობების არარსებობა და მთების მასიურობა, როგორც ეს სკანდინავიის მთებშია.
უღელტეხილებითა და გასასვლელებით სიმდიდრეზეა დამოკიდებული მთების ხელმისაწვდომობა და გამავლობა. თუ მთები ღარიბია გასასვლელებით, არსებული მცირერიცხოვანი გასასვლელები მსოფლიო მნიშვნელობას იძენს, როგორც, მაგალითად ხაიბერის გასასვლელი, რომელიც ინდოეთსა და ავღანეთს აკავშირებს. გასასვლელების განაწილება ძალიან არათანაბარია. ვოგეზებში, ბოლფორისა და ცაბერნის გასასვლელებს შორის არ არის არც ერთი ნამდვილი გასასვლელი. დასავლეთ ალპებში, გასასვლელებით მდიდარი კოტის ალპების გვერდით (ამ გასასვლელებს ფართოდ იყენებდნენ ჯერ კიდევ ძველი რომაელები) მდებარეობს გასასვლელებით ღარიბი გრაის ალპები. კავშირ-ურთიერთობების ინტენსივობაზე გავლენას ახდენს გასასვლელის სიმაღლე და სიგანე. ალპებში გასასვლელების სიმაღლე იზრდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. პირინეებში გასასვლელები ალპებზე უფრო მაღალია. მაგრამ ის, რომ პირინეების გასასვლელები ალპების გასასვლელებთან შედარებით იშვიათად გამოიყენება, აიხსნება არა მხოლოდ მათი მეტი სიმაღლით, არამედ იმითაც, რომ ალპების ორივე მხარეს მდებარეობს ქვეყნები, რომლებიც თავისი სამეურნეო თავისებურებებით პირენეების ორივე მხარეს მდებარე ქვეყნებზე უკეთესია. სახელმწიფო ან ტომი, რომლის ხელშიც იყო გასასვლელი, ხელსაყრელ მდგომარეობას იკავებდა მეზობლებთან შედარებით, რომლებიც ამ გასასვლელით სარგებლობდნენ. უმნიშვნელოვანესი ალპური გადასასვლელების ფლობა, თავის დროზე, შვეიცარიის მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო. ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე მცხოვრები აფრიდები ძველად ყოველთვის იღებდნენ ბაჟს ხაიბერის გადასასვლელით სარგებლობისთვის.
ცალკეულ გადასასვლელებთან ერთად არსებობს მთიანი ქვეყნები, რომლებიც მთლიანად გადასასვლელს წარმოადგენს. 4000 მეტრამდე სიმაღლის პამირის მთიანეთი, რომელიც 7000-8000 მეტრის სიმაღლემდე აზიდულ მთებს შორის არის განლაგებული, უძველესი დროიდან გადასასვლელი ქვეყანა იყო. აბსოლუტური თვალსაზრისით პამირი კავშირ - ურთიერთობებისთვის რთული ქვეყანაა, მაგრამ აქ გადაადგილების უკეთესი პირობებია გარშემო შემოჯარულ მთებთან შედარებით. ამ მხრივ გადასასვლელი მთიანი ქვეყნები მთის გადასასვლელებს წააგავს, ხშირად მათსავით რთულ გადასალახავს, მაგრამ მაინც უფრო მარტივს, ვიდრე კლდოვანი თხემებია. მაგრამ ჩვეულებრივი გასასვლელებისგან გადასასვლელი მთიანი ქვეყნები დიდი განფენილობით განსხვავდება. მათზე მრავალი გზა გადის მაშინ, როდესაც გადასასვლელებზე გადის მხოლოდ ერთი გზა.
მთებში იზოლირებული ცხოვრების შედეგები
იქ სადაც კავშირ-ურთიერთობების სირთულის გამო მთის მოსახლეობა მოწყვეტილია გარე სამყაროს, ის დიდხანს ინარჩუნებს ძველ წეს-ჩვეულებებს და მცირერიცხოვნობის მიუხედავად შესაძლოა საკუთარი ენაც შეინარჩუნოს. სვანები, რომლებიც ცხოვრობენ ენგურისა და ცხენისწყლის სათავეებში, წარმოქმნიან ეთნიკურად და ლინგვისტურად თვითმყოფად ჯგუფს, თუმცა მხოლოდ 60 ათას ადამიანს ითვლის. იგივე შეიძლება ითქვას თუშებზე, ფშაველებზე, ხევსურებზე, ასევე ოსებზე, რომლებსაც დაკავებული აქვთ ყაზბეგის გარშემო ყველაზე მაღალი ხეობები.
მთები გაზრდილ ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს უყენებს გულს, კუნთებს და ნერვებს და იმავდროულად არსებობის მხოლოდ ზომიერ წყაროებს იძლევა. ძველი დროიდან დაწყებული დღემდე მწერლები ერთმანეთს უპირისპირებენ გამობრძმედილ მთიელებს მომიჯნავე დაბლობების აზიზ მცხოვრებლებს, განსაკუთრებით ტროპიკულ ოლქებში (მაგალითად, ინდოეთში, სადაც ჰიმალაების ენერგიული მცხოვრებნი მკვეთრად განსხვავდებიან ცხელი დაბლობის დუნე მცხოვრებთაგან). მაგრამ მთიელები იშვიათად იმარჯვებდნენ დაბლობის მცხოვრებლებზე. ეს იმით აიხსნება, რომ მთების ოროგრაფიული თავისებურებებიდან გამომდინარე მისი მოსახლეობის ცხოვრებაც დაქუცმაცებულია. იმ ვიწრო სათავსოებში არსებობის პირობების ერთფეროვნება, რომლებადაც არის დაქუცმაცებული მთის ქვეყნები, და კავშირ-ურთიერთობათა დამყარების სირთულე არ იძლევა ცალკეულ მცირე ხალხებს შორის კავშირების განვითარების საშუალებას. მხოლოდ მთის პატარა ტაფობების ვიწრო ჩარჩოებიდან შედარებით ფართო სივრცეში გასვლა იძლეოდა გაერთიანებისა და შრომის ფართო საზოგადოებრივი დაყოფის პირობების მოძიების საშუალებას. ასეთ პირობებს იძლევა მთებს შორის მოქცეული ბრტყელი ზეგანი. ის არასდროს არის სრულიად ბრტყელი. მთის ქედები მას არა მარტო გარს ერტყმის, არამედ კვეთს კიდეც. ამ ქედებზე ნალექების დაგროვების წყალობით ზეგანი საკმარისად ირწყვება, აქვს მდინარეები და ტბები; ყოველივე ამით შესაძლებელი იყო ხელოვნური რწყვის უზრუნველყოფა. ასეთი ზეგნები ადრეული კულტურის კერები გახდა. კერძოდ, ეს ეხება ამერიკის ზეგნებს, რომლებიც ორ დიდ ჯგუფად არის დაყოფილი; ერთი გადაჭიმულია მექსიკიდან იუკატანამდე, მეორე კი ანდების ზეგნებით კოლუმბიიდან ბოლივიამდე. სწორედ ამ ზეგნებზე და არა ტროპიკულ ტყიან ნაყოფიერ დაბლობებში ან არა ლაპლატის დაბლობის ველებში წარმოიქმნა ამერიკის ადრეული კულტურის კერები. ადრეული კულტურის ასეთივე კერები წარმოიქმნა წინა აზიისა და ეთიოპიის ზეგნებზეც.
საქონელგაცვლა და მთების სამეურნეო გამოყენება
რაც უფრო მაღალია მთები, მით უფრო ღარიბია მისი მცენარეულობა. მიწა ვეღარ კვებავს და მოსახლეობა იძულებული ხდება არსებობის დამხმარე საშუალებები ხელოსნობით და კუსტარული წარმოებით მოიპოვოს. ასე განვითარდა საათების წარმოება შვარცვალდსა და იურაში, მაქმანების წარმოება კრუშნე-ჰორიში (მადნიან მთებში), საფეიქრო საქმე სუდეტებსა და ქაშმირში, მინის ნაკეთობათა წარმოება ბოჰემიის ტყეში და ჭედურობა კავკასიაში. რადგან ასეთი მუშაობა გასაყიდად წარმოებს, ხელოსანმა პერიოდულად უნდა დატოვოს მთები და დაბლობის ქალაქებში გაემგზავროს საკუთარი ნახელავის გასაყიდად. მაგრამ სიღარიბე მთებიდან არა მარტო ხელოსნებს, არამედ მიწათმოქმედებს და მწყემსებსაც ერეკება და, საერთოდაც, ეს ნაკლებად დასახლებული მხარეები ხშირად ემიგრაციის უმნიშვნელოვანესი კერებია.
მთის მეურნეობის პროდუქტების ცალმხრივობა და მთელი რიგი ისეთი პროდუქტების უკმარისობა, რომლებსაც დაბლობში აწარმოებენ, იწვევს გაცხოველებულ მიმოცვლას მთასა და მის მიმდებარე ვაკეს შორის. ვაკის მცხოვრებნი მთებში საზაფხულო საძოვრებზე ერეკებიან თავის საქონელს. ჯერ კიდევ ძველ რომში ვაკე ამარაგებდა მთას ღვინით, ზეითუნის ზეთით და მარილით, სანაცვლოდ კი იღებდა ხე-ტყეს და მეცხოველეობის პროდუქციას.
სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სახეების განვითარების ბუნებრივი საშუალებების მრავალფეროვნება და, იმავდროულად, კავშირ-ურთიერთობების დამყარების სირთულე იწვევს შედარებით მცირე სივრცეში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სახეების შეხამებას. სავსებით შესაძლებელია, რომ მთებში მიწის გამოყენების საწყისი ფორმა ყოფილიყო მეცხოველეობა საქონლის სეზონური გადაადგილებით. რომაელებმა ალპებში შეიტანეს ვაზის კულტურა და მთის მდელოების ხელოვნური მორწყვა. სლავების შეჭრამ VI საუკუნეში მეცხოველეობა კვლავ წინა პლანზე წამოწია. სამხრეთ ალპების ჩაკეტილ ხეობებში, ერთი და იმავე სასოფლო თემის საზღვრებში, ერთმანეთისგან სულ რამდენიმე საათის სავალში ერთმანეთს ეხამება მევენახეობა და მეხილეობა ხეობის ქვედა ნაწილში, მიწათმოქმედება – შუა წელში და მეცხოველეობა – ალპურ მდელოებზე, სეზონური სადგომებით სამივე საფეხურზე და სეზონური გადაადგილებით ერთი სადგომიდან მეორეში. ამასთან, ზედა საფეხურზე საქონელს მიჰყვება მოსახლეობის მცირე ნაწილი, ხოლო ყველაზე დაბალ საფეხურზე მოსახლეობა საქონლის გარეშე ჩამოდის. ალპების მთისწინეთში, რომლის ხეობები შვეიცარიის ვაკის მხარეს იხსნება და დასერილია მოხერხებული გზებით, რძისა და ხორცის პროდუქციის როგორც ქალაქში, ასევე საზღვარგარეთ გასაღების შესაძლებლობის გამო მთელი მეურნეობა სპეციალიზებული იყო გასავლიანი საქონლის: ნატურალური და შედედებული რძის, „საბავშვო ფქვილის“, შოკოლადისა და ყველის წარმოებაზე. მიწათმოქმედება, როგორც მეურნეობის ნაკლებად სარგებლიანი დარგი, ვაკესთან კავშირ-ურთიერთობების გაუმჯობესების დარად უკანა პოზიციებზე გადავიდა ან საერთოდ მიტოვებული იქნა. ამგვარად, სოფლის მეურნეობამ, რომელიც მთებში ყველაზე პრიმიტიული ფორმებით – მომთაბარე მეცხოველეობით დაიწყო, ამჟამად მთების ყველაზე მოხერხებულად განლაგებულ უბნებზე რძისა და ხორცის მეურნეობის ყველაზე ინტენსიურ ფორმებს მიაღწია. იგივე ეხება წარმოებასაც. დაიწყო რა დაქსაქსული შინაური და კუსტარული წარმოების პრიმიტიული ფორმებიდან, რომელიც მხოლოდ ხელით შრომას იყენებდა, ამჟამად, ისევ და ისევ ხელსაყრელი განლაგების პირობებში, გადავიდა ელექტრიფიცირებული საფაბრიკო წარმოების ყველაზე უფრო კონცენტრირებულ ფორმებზე, რომელმაც მოკლა კუსტარული წარმოება.
მთებში წარმოების წარმოშობისას ის ეფუძნებოდა იმ სიმდიდრეებს, რომლებსაც იძლეოდა წიაღისეული, ტყე (ნახშირი მეტალურგიაში გამოიყენებოდა, ხე – სხვადასხვა ნაკეთობებისთვის), მთის წყაროები, რომელთა ძალასაც მოძრაობაში მოჰყავდა ბორბლები სახელოსნოებში, ცხვრის მატყლი, რომლისგანაც შალის ქსოვილებს იღებდნენ.
მთაში წარმოების ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეობაა მადნის მოპოვება და დამუშავება (სამთო-გადამამუშავებელი წარმოება). ალპების ველურ მთის ხეობებში მარილი და ლითონები ჯერ კიდევ წინარეისტორიულ პერიოდში იპყრობდა მაღაროელების ყურადღებას. ოქროს და ვერცხლის, სპილენძისა და სხვა ფერადი ლითონების მოპოვების ადგილები ამჟამად ძალიან არის შეცვლილი, მაგრამ ახალ ადგილებზე მთის ქანების დამუშავება დიდი მასშტაბებით წარმოებს თანამედროვე ტექნოლოგიურ საფუძველზე. არანაკლები ცვლილებები განიცადა მთის სხვა სიმდიდრეების გამოყენებამაც. ტყე, რომელიც ძველად, ძირითადად, ნახშირის დასამზადებლად გამოიყენებოდა, დღეს, უმეტესად, ქაღალდისა და ცელულოზის წარმოებაში გამოიყენება. ადგილობრივი მატყლის გადამუშავება შეიცვალა ჩამოტანილ ნედლეულზე მომუშავე ბამბეულის საწარმოო ფაბრიკებით. წყლის ენერგია ჰიდროელექტროსადგურებში გამოიყენება. ჰიდროენერგიის გამოყენების ცვლილებამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მთის მეტალურგიულ წარმოებაში. ნახშირით და კოქსით მომუშავე ბრძმედები შეცვალა უკვამლო ელექტრულმა ღუმელებმა, რომლებიც სხვადასხვაგვარი შენადნობების და ფოლადის სპეციალური სორტების მიღების საშუალებას იძლევა. უდიდეს ზომებს მიაღწია ელექტროობაზე მომუშავე ქიმიურმა წარმოებამ, განსაკუთრებით თავის უძვირფასეს დარგებში (ხელოვნური გვარჯილის, წამლებისა და საღებავების, ალუმინისა და ა. შ. მიღება). ჰიდროელექტრული ენერგია დიდ მანძილებზე გადაეცემა დაბლობების ქალაქებსა და ფაბრიკებს, რითაც ახალი კავშირები მყარდება მთას და ბარს შორის.
მთის ლანდშაფტის სამეურნეო ექსპლუატაციის შედარებით ახალ სახეებს, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს მთას და ვაკეს, შეიძლება მივაკუთვნოთ სამთო და სამთო-სათხილამურო ტურიზმი. მაგალითად შვეიცარიის მთის სასტუმროები თავის თავზე იღებენ არა მხოლოდ საცხოვრებელსა და საკვებზე, არამედ ტურისტის გადაადგილებაზე ზრუნვას, მის მწვერვალზე ასვლამდეც კი.