saqarTvelos buneba - tba

საქართველოს ტბები

 

ჰიდროსფეროს კომპონენტი, რომელიც არის ბუნებრივად წარმოქმნილი წყალსატევი, რომელიც წყლით არის ავსებული ტბის ფიალის (ტბის სარეცლის) ფარგლებში და უშუალოდ არ უერთდება ზღვას (ოკეანეს). ტბებს შეისწავლის მეცნიერება ლიმნოლოგია. სულ მსოფლიოში არის დაახლოებით 5 მილიონი ტბა.

პლანეტოლოგიის თვალსაზრისით ტბა არის დროსა და სივრცეში სტაბილურად არსებული ობიექტი, რომელიც ავსებულია თხევად ფაზაში მყოფი ნივთიერებით და რომლის ზომები ზღვისა და ტბორის (გუბურას) ზომებს შორის არის.

გეოგრაფიის თვალსაზრისით ტბა არის შეკრული ჩაღრმავება ხმელეთის ზედაპირზე, რომელშიც წყალი ჩაედინება და გროვდება. ტბები არ არის მსოფლიო ოკეანის ნაწილი.

ტბების ქიმიური შემადგენლობა შედარებით დიდი ხნის განმავლობაში უცვლელია. მისი შემავსებელი ნივთიერება, მდინარისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად უფრო იშვიათად ახლდება, ხოლო მასში არსებული დინებები არ წარმოადგენს მისი რეჟიმის განმსაზღვრელ უპირატეს ფაქტორს. ტბები თავის ქვაბულებში აკავებს ნაღრუვალ წყლებს და გასცემს მას სხვა პერიოდებში, როთაც არეგულირებს მდინარეების ჩადინებას. ტბების წყლებში ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს. ერთი ელემენტები წყლიდან ფსკერის დანალექში გადადის, მეორენი პირიქით. მთელ რიგ მდინარეებში, უმეტესწილად იქ, სადაც არ ხდება ჩადინება, წყლის აორთქლების გამო იზრდება მარილების კონცენტრაცია. ამის შედეგად არსებითად იცვლება ტბების მინერალიზაცია და მარილების შემადგენლობა. წყლის მასის დიდი სითბური ინერციის წყალობით დიდი ტბები არბილებს ახლომდებარე რაიონების კლიმატს, ამცირებს მეტეოროლოგიური ელემენტების წლიურ და სეზონურ რხევებს.

ტბის ქვაბულების ფსკერის ფორმა, ზომები და რელიეფი არსებითად იცვლება ფსკერზე დანალექის დაგროვებისას. ტბების ამოზრდა ქმნის რელიეფის ახალ ფორმებს, ვაკისებურს და, შესაძლოა, ამობურცულსაც კი. ტბები და, განსაკუთრებით კი, წყალსაცავები ქმნის გრუნტის წყლების ნატბორს, რაც იწვევს მათ გარშემო ხმელეთის უბნების დაჭაობებას. ორგანული და მინერალური ნაწილაკების მუდმივი დაგროვების შედეგად ტბებში წარმოიქმნება ტბიური ნალექების მძლავრი ფენები. ეს დანალექები სახეს იცვლის წყალსატევების შემდგომი განვითარების, მათი ჭაობად ან მლაშობად გადაქცევის პროცესში. გარკვეულ პირობებში ისინი გარდაიქმნება ორგანული წარმოშობის მთის ქანებად.

ტბების კლასიფიკაცია:

ბუნებრივი
ანთროპოგენური (ხელოვნური)

წარმოშობის მიხედვით ტბა შესაძლოა იყოს:

ტექტონიკური: წარმოქმნილია დედამიწის ქერქში ბზარების ამოვსების გზით. ტექტონიკური ტბის ნათელი მაგალითია ბაიკალის ტბა.
მყინვარული: წარმოიქმნება მყინვარის დნობის შედეგად. ბოლო გამყინვარების პერიოდიდან შემორჩენილი ტიპობრივი მყინვარული ტბაა არბერზეე, რომელიც ბოგემის ტყის ყველაზე მაღალი მთის (1456 მ), დიდი არბერის ძირში მდებარეობს.
მორენული ტბები.
მდინარეული (ანუ ნაკალაპოტარი).
ზღვისპირა (ლაგუნა და ლიმანი). ყველაზე ცნობილია ვენეციის ლაგუნა, რომელიც ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.
ჩანაქცევი (კარსტული, თერმოკარსტული). ზოგიერთი ჩანაქცევი ტბის თავისებურებაა მათი პერიოდული გაქრობა და გამოჩენა, რაც მიწისქვეშა წყლების თავისებურ დინამიკაზეა დამოკიდებული. ასეთი ტბის ტიპობრივი წარმომადგენელია ერწოს ტბა სამხრეთ ოსეთში.
ჭალის. ტბები ჭალების წყალობით წარმოიქმნება.
ნაყარით შეტბორებული: წარმოიქმნება მთის ნაწილის ჩამოშლის შედეგად (მაგალითად, რიწის ტბა აფხაზეთში).
მთის ტბა: განლაგებულია მთის ქვაბულებში.
კრატერული (ვულკანური): განლაგებულია ჩამქრალი ვულკანების კრატერებში და ამოფრქვევის მილებში. ევროპაში ამდაგვარი ტბები გერმანიაში, აიფელის ოლქშია. მათ მახლობლად ვლინდება სუსტი ვულკანური მოქმედება ცხელი წყაროების სახით.

ადგილმდებარეობის მიხედვით (პლანეტა დედამიწასთან მიმართებაში) ტბა შესაძლოა იყოს:

მიწისზედა, რომლის წყლები აქტიურად მონაწილეობს ბუნებაში წყლის წრებრუნვაში და მიწისქვეშა, რომლის წყლებით თუ მონაწილეობს წრებრუნვაში, მხოლოდ არაპირდაპირ. ზოგჯერ ეს ტბები იუვენილური, ანუ თვითნაბადი წყლით არის ავსებული.
მიწისქვეშა. მიწისქვეშა ტბების რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ ანტარქტიდის მყინვარქვეშა ტბაც მივაკუთვნოთ.

წყლის ბალანსის მიხედვით ტბა შესაძლოა იყოს:

ჩამდინარე (მასში წყალი ჩაედინება, უპირატესად, მდინარეების სახით).
ჩაუდინარი (არა ხდება ზედაპირული ჩადინება ან მეზობელ წყალშემკრებებში წყლის გადინება. წყლის ხარჯვა აორთქლების ხარჯზე ხდება).

მინერალიზაციის ტიპის მიხედვით:

მტკნარი
ულტრამტკნარი
მინერალური (მარილიანი)
მომლაშო
მლაშე

წყლის ქიმიური შემადგენლობის მიხედვით ტბა შესაძლოა იყოს:

კარბონატული (სოდიანი)
>სულფატური (მწარე-მლაშე)
ქლორიდული (მლაშე)

ტბაში არსებული ნივთიერებების საკვები ღირებულების (ტროფობის) მიხედვით ტბა შეიძლება იყოს:

ოლიგოტროფული (საკვები ნივთიერებების მცირე რაოდენობით) – ასეთი ტბებს, ჩვეულებრივ, ახასიათებს დიდი და საშუალო სიღრმეები, წყლის მნიშვნელოვანი მასა ტემპერატურული ნახტომის ფენის ქვევით, მაღალი გამჭვირვალობა, წყლის ფერი ლურჯიდან მწვანემდე, ფსკერისკენ O2-ის შემცველობის თანდათანობითი კლება, მის ფსკერთან წყალი ყოველთვის შეიცავს O2-ის მნიშვნელოვან რაოდენობას (არანაკლებ იმ რაოდენობის 60%-ისა, რომელსაც ზედაპირული წყლები შეიცავს).
ევტროფული (საკვები ნივთიერებების დიდი შემცველობით) – კარგად გახურებადი ტბები (ტემპერატურული ნახტომის ქვედა ფენა ძალიან თხელია), ნაკლებად გამჭვირვალე, წყლის ფერი მწვანედან მურამდე, ფსკერი დაფარულია ლამით. წყალი მდიდარია საკვები მარილებით, O2-ის შემცველობა მკვეთრად კლებულობს ფსკერის მიმართულებით, სადაც ზოგჯერ საერთოდ ქრება.
დისტროფიული (საკვები ნივთიერებებით ღარიბი) – დაჭაობებული ტბები სუსტი გამჭვირვალობით და წყლის ყვითელი ან მურა (ჰუმინური ნივთიერებების დიდი შემცველობის გამო) ფერით. წყლის მინერალიზაცია მცირეა, O2-ის შემცველობა დაქვეითებულია მისი ხარჯვის გამო ორგანული ნივთიერებების დაჟანგვაზე.

თანამედროვე ჰიდროლოგიაში და ჰიდროეკოლოგიაში გამოყოფენ ტროფიკული კლასიფიკაციის შუალედურ დონეებს: მეზოტროფები (ოლიგოტროფებსა და ევტროფებს შორის) და ჰიპერტროფულები.

ციურ სხეულებზე მდებარეობის მიხედვით ტბა შეიძლება იყოს:

მიწიერი;
არამიწიერი.