saqarTvelos buneba - uReltexili

საქართველოს უღელტეხილები

 

უღელტეხილი არის ჩაღრმავება ქედის თხემზე ან მთის მასივში. უღელტეხილები არის ყველაზე ადვილი და მოხერხებული გადასასვლელები მთის ერთი ხეობიდან მეორეში. ყველაზე ფართო და ღრმად ჩამოწეულ უღელტეხილებს, რომლებსაც ხშირად დიდი სატრანსპორტო მნიშვნელობა აქვს, კლდეკარს უწოდებენ.

წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ: ეროზიულ უღელტეხილებს, რომლებიც მოპირდაპირე ფერდობებზე განლაგებული მდინარეების ხეობების სათავეების დაახლოების შედეგად წარმოიქმნა; ტექტონიკურ უღელტეხილებს (ანტიკლინალური წყობის ადგილობრივი დაწევა); მყინვარულ უღელტეხილებს, რომლებიც წარმოიქმნება ერთმანეთის მოპირდაპირეს გაწოლილი მყინვარების კარების ან ცირკების კედლების შეერთებით და შემდგომი დაშლით.

წელიწადის სხვადასხვა დროს გავლის ხელმისაწვდომობის მიხედვით განასხვავებენ მთელი წლის განმავლობაში და სეზონურად მოქმედ უღელტეხილებს.

უღელტეხილებზე ხშირად გადის საცალფეხო და სასაპალნე ბილიკები, საავტომობილო, უფრო იშვიათად კი სარკინიგზო და სხვა გზები. უღელტეხილის ზედა ნაწილი ხშირად ერთადერთი სწორი ადგილია არემარეში, ამიტომ ბევრ უღელტეხილზე ოდითგანვე განთავსებული იყო ნაგებობები და მცირე დასახლებული პუნქტებიც კი. სამხედრო თვალსაზრისით უღელტეხილები შეიძლება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები იყოს.

უღელტეხილების კლასიფიკაცია

სპორტულ ტურიზმში უღელტეხილები კლასიფიცირდება სირთულის კატეგორიების მიხედვით (ს. კ.), რომლებიც ასახავს ტურისტების გასავლელად უღელტეხილის (ან საუღელტეხილო ბმულის) სირთულეს. სირთულის კატეგორია განისაზღვრება უღელტეხილის ხელმისაწვდომობის ხარისხის დამახასიათებელი საკლასიფიკაციო ნიშან-თვისებების ერთობლიობის საექსპერტო შეფასების მეთოდით: სიმაღლე ზღვის დონიდან; ფერდობების დახრილობა და მათი ზედაპირის ხასიათი; უღელტეხილის გადასასვლელად გამოსაყენებელი ტექნიკური ხერხები; რამის თევის პირობები და ა. შ. მიღებულია სირთულის 3 კატეგორიად დაყოფა, რომელთაგან თითოეული, თავის მხრივ, იყოფა ორ, „ა“ და „ბ“ ქვეკატეგორიად. 1ა კატეგორიის სირთულის უღელტეხილები ყველაზე მარტივად ითვლება, 3ბ კატეგორიისა კი ყველაზე რთულად. მიღებულია 1ა კატეგორიაზე ნაკლები სირთულის უღელტეხილების „კატეგორიის გარეშე“ (კ/გ) კლასიფიცირება. მიღებულია იმ უღელტეხილების დამატებითი კლასიფიცირება „ვარსკვლავით“ (მაგალითად 2ა*), რომელთა სირთულე, ამინდისა და სხვა პირობების ზეგავლენით (თოვა, ფერდობების უეცარი მოყინვა და სხვა), შეიძლება გაიზარდოს ნახევარი კატეგორიით.

„მაღალმთიანი კლასიფიცირებული უღელტეხილების ჩამონათვალში“ და „საშუალო სიმაღლის მთის კლასიფიცირებული უღელტეხილების ჩამონათვალში“ ყოველი უღელტეხილისთვის მითითებულია მისი ადგილმდებარეობა, დასახელება, სიმაღლე ზღვის დონიდან, სირთულის კატეგორია წელიწადის სხვადასხვა დროისთვის, მდინარეები და მყინვარები უღელტეხილის ორივე მხარეს, გადასვლის სირთულეები, დაბრკოლებები, საშიშროებები. რუსეთის სპორტული ტურიზმის კავშირის მიერ სპეციალურად შექმნილი კომისია პერიოდულად ახორციელებს ყოველი უღელტეხილის სირთულის კატეგორიის გადაფასებას და ამტკიცებს მას რუსეთის სპორტული ტურიზმის კავშირის ყრილობაზე. უღელტეხილების უკანასკნელი ოფიციალურად დამტკიცებული ჩამონათვალი გამოვიდა 1986 წელს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა უღელტეხილების ახალ ჩამონათვალზე.

უღელტეხილების ტოპონიმიკა

გეოგრაფიაში დამკვიდრებული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით, როგორც წესი, ადგილის ახალ ობიექტებს სახელს მისი პირველაღმომჩენი აძლევს. ითვლება, რომ ადამიანებს, რომლებმაც პირველად გაიარეს ხეობიდან ხეობაში გადასასვლელი უღელტეხილი, ან პირველები ავიდნენ უღელტეხილის თხემზე, აქვთ ახალი უღელტეხილის სახელის შეთავაზების უფლება. „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის 1997 წლის №152-ФЗ ფედერალური კანონის შესაბამისად ასეთი სახელის აღიარებისთვის საჭიროა მისი დამტკიცება შესაბამისი ტერიტორიის საკანონმდებლო ორგანოში. იმის გათვალისწინებით, რომ სპორტული უღელტეხილების უმეტესობა არავის აინტერესებს ტურისტების გარდა, სპორტული უღელტეხილების დიდი უმრავლესობის სახელი არაოფიციალურად არსებობს. მათ ამაგრებენ ტრადიციულ „უღელტეხილების ჩანაწერებში“, რომლებსაც ტოვებენ უღელტეხილზე ტურებში (ქვის პირამიდებში). უღელტეხილების სახელები ფიქსირდება ტურისტულ ანგარიშებში და ტურისტულ რუკებზე, ლაშქრობის მომზადების დროს ჯგუფიდან ჯგუფს გადაეცემა. ძალიან ხშირად უღელტეხილების დასახელების ასეთი სქემა იწვევს პირველაღმომჩენის მიერ დარქმეული სახელის დაკარგვას. საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე უღელტეხილს რამდენიმე სახელი აქვს ან ტურისტულ რუქებზე ჩნდება ერთი და იმავე დასახელების სხვადასხვა უღელტეხილი, თუნდაც ისინი ერთსა და იმავე მთიან რეგიონში მდებარეობდეს. ყოველივე ეს დიდ გაუგებრობას ქმნის და მარშრუტების გავლისას უბედური შემთხვევის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის 1997 წლის №152-ФЗ ფედერალური კანონის საფუძველზე რუსეთის სპორტული ტურიზმის კავშირმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლის შესაბამისადაც აუცილებელია უღელტეხილებისთვის რაიონის ტოპონიმიკასთან ან უღელტეხილის თავისებურებებთან დაკავშირებული ისეთი სახელის მინიჭება, რომელიც ხელს შეუწყობს მისი გავლის პროცესს. უღელტეხილების სახელდებისას სასარგებლოა ადგილობრივი ტოპონიმიკის, უღელტეხილის ადგილმდებარეობაში არსებული ეროვნული ენის თავისებურებებისა და ა, შ, მაქსიმალური გამოყენება.

ამ მხრივ კორექტულად შეიძლება ჩაითვალოს სახელი, რომელიც:<

ასახავს უღელტეხილისა და მისი ადგილმდებარეობისათვის ყველაზე დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს (ფერდობების ხასიათი, თხემის მოხაზულობის თავისებურებები და სხვ.);
ასახავს შესაბამისი ტერიტორიის მოსახლეობის ცხოვრებისა და საქმიანობის თავისებურებებს;
უღელტეხილს დაერქვა იმ ხეობების სახელების მიხედვით, რომლებსაც ისინი ასრულებენ (აერთებენ);
უღელტეხილს დაერქვა უახლოესი ორიენტირი-მწვერვალის სახელის მიხედვით;
და ა. შ.

უღელტეხილებს შეიძლება მიენიჭოს იმ პიროვნებების სახელები, რომლებიც იყვნენ მათი პირველაღმომჩენები, პირველებმა გადალახეს ისინი ან მონაწილეობდნენ მის შესწავლაში. უსახელო უღელტეხილებს შეიძლება მიენიჭოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეების, მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლების, და სხვა, სახელმწიფოს წინაშე დამსახურების მქონე პირების სახელები მათი გარდაცვალების შემდეგ. უღელტეხილის სახელები უნდა შედგებოდეს არაუმეტეს სამი სიტყვისგან და ბუნებრივად უნდა ეხამებოდეს მოცემული ტერიტორიის გეოგრაფიული ობიექტების დასახელებათა არსებულ სისტემას.

საჭიროა თავი შევიკავოთ უღელტეხილებისთვის შემდეგი სახელების მინიჭებისგან:

ნაკლებად ცნობილი და ცოცხალი ადამიანების;
მოვლენების, რომლებიც არ არის დაკავშირებული უღელტეხილის განლაგების რაიონთან;
უკვე არსებული უღელტეხილების სახელების, მათ შორის სხვა მთიან რაიონში მყოფის;
ორგანიზაციების დასახელებებისა და გაურკვეველი აბრევიატურების;

საგზაო უღელტეხილები

როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო გზების მშენებლობის დროს, მთაგრეხილის გადაკვეთისას, გზა უღელტეხილებზე გადის იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვების მოცულობები შედარებით მცირეა, ხოლო გვირაბების მშენებლობა – ეკონომიკურად არამომგებიანი.

საავტომობილო გზებზე განლაგებული ყველაზე მაღალმთიანი უღელტეხილები, რომლებიც არ გადის უღელტეხილების ქვეშ გაყვანილ გვირაბებში, არის:

მსოფლიოში

კხარდუნგ-ლა, h = 5359 მ (ინდოეთი) – ლადაკხზე ჯამუსა და ქაშმირის შტატებში, ინდოეთში. განლაგებულია ლეხის, ასევე შაიოკსა და ნუბრუზე გამავალი გზის ჩრდილოეთით. აშენებულია 1976 წელს, ავტომობილებისთვის გაიხსნა 1988 წელს.
სუგე ლა, h = 5430 მ (ჩინეთი) – ლხასის დასავლეთით.
სემო ლა, h = 5565 მ (ჩინეთი) – ქალაქებს რაკასა და კოკენს შორის ცენტრალურ ტიბეტში.
ნანგპა-ლა, h = 5716 მ (ნეპალი) – ნეპალსა და ჩინეთს შორის, რამდენიმე კილომეტრში მთა ჩო-ოიიუს დასავლეთის და 30 კილომეტრში მთა ევერესტიდან ჩრდილო-დასავლეთით.
მარსიმიკ-ლა, h = 5582 მ (ინდოეთი) – ჩანგ-ჩემნოს ქედზე გადასასვლელი ჩრდილოეთ ინდოეთში, ლეხიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით, 100 კმ-ში. განლაგებულია 42 კმ-ში ტბა პანგონგ ცოს ნაპირიდან ჩრდილო-დასავლეთით. უმოკლესი გზაა საკამათო (ჩინეთსა და ინდოეთს შორის) კონგკა ლამდე,  ჩინეთ-ინდოეთის ფაქტობრივი კონტროლის ხაზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ 42კმ-ის დაშორებით. ამჟამად საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობისთვის არ გამოიყენება.

ევროპაში

სტელვიო, h = 2757 მ (იტალია) – აღმოსალეთ ალპებში ლომბარდიასა და ტრენტინო – ალტო-ადიჯეს შორის ss38 გზაზე (იტალია) ბორმიოდან, რომელიც ლომბარდიის რეგიონის ვალტელინას ხეობაშია განლაგებული, ჩრდილო-აღმოსავლეთით 12,0 მკ-ში. აშენებულია 1820 წელს ავსტრიის იმპერიაში ლომბარდიის დასაკავშირებლად ავსტრიის ძირითად ნაწილთან.

ყოფილ საბჭოთა კავშირში

აკბაიტალი (აკ-ბაიტალი), საავტომობილო, h = 4655 მ (ტაჯიკეთი, მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი) – პამირის ტრაქტზე, სარიკოლისა და მუზკოლის ქედებთან (ქალაქ მუღრაბსა და ყარა-ყულის ტბას შორის).

ჯვრის უღელტეხილი, h = 2379 მ (საქართველო) – კავკასიონის მთავარ ქედზე გადასასვლელი, საქართველოს სამხედრო გზაზე.

საქართველოს უღელტეხილები

საქართველოში როგორც მთიან ქვეყანაში არსებობს მრავალი მთის უღელტეხილი. ყველაზე მაღალი და მიუვალი უღელტეხილები კავკასიონზე მდებარეობს. საქართველოს 4000 მ-ზე უფრო მაღალი უღელტეხილებია: მაილის, ჭალაათის, ლაჰილის.

აფხაზეთის კავკასიონზე მნიშვნელოვანია - კლუხორისა და მარუხის უღელტეხილები; ცენტრალურ კავკასიონზე - ნაკრის, ბეჩოს, მამისონის, ზეკარის, როკის უღელტეხილები; აღმოსავლეთ კავკასიონზე - უყერიჩოს, ქერიღოს, ყადორის უღელტეხილები. ამ უღელტეხილების გავლით შესაძლებელია დაკავშირება საქართველო-რუსეთის სახელმწიფოებისა.

ქვეყნის შიდა (კავკასიონის განშტოებების) უღელტეხილებიდან აღსანიშნავია რიკოთის, გოდერძის, ჯვრისა და გუდამაყრის უღელტეხილები.

ცენტრალური კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში ჯვრისა და გუდამაყრის უღელტეხილები ყურადღებას იპყრობენ თავიანთი დაბალი ჰიფსომეტრიული მდებარეობით და მორფოლოგიური თავისებურებებით, რაც მათ გენეზისთანაა დაკავშირებული. ამ უღელტეხილების სიმაღლე ერთიმეორეს უახლოვდება (ჯვრის უღელტეხეილი მდებარეობს ზღვის დონიდან 2379 მ, ხოლო გუდამაყრის - 2347 მ); ისინი უდაბლეს უღელტეხილებს წარმოადგენენ არა მარტო კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ამ მონაკვეთზე, რომელიც მთიულეთის ქედის სახელწოდებითა ცნობილი, არამედ მთელ ცენტრალურ კავკასიონზე.

აღსანიშნავია, რომ კავკასიონის განშოტებების უღელტეხილთა უმრავლესობა უფრო მაღალი და ძნელად მისადგომია, ვიდრე ზემოაღნიშნული გადასასვლელები, თუმცა ეს განშტოებები სიმაღლით მთიულეთის ქედს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან.

საინტერესოა ამ უღელტეხილების გენეზისის საკითხი. მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით ორივე უღელტეხილი მყინვარის მოქმედების მკაფიო კვალს ატარებს. მყინვარის მოქმედებაზე ლაპარაკობს როგორც უღელტეხილების ტროგული ხაისათი, ასევე ორთავე უღელტეხილზე კარგად შერჩენილი მორენული მასალა.

ქედში უღელტეხილების ღრმად ჩაჭრა და ზოგიერთი სხვა ნიშანი იმაზე მოუთითებს, რომ ისინი ძველ (პალეო) მდინარეთა ხეობებს წარმოადგენდნენ. როგორც ცნობილია, ჯვრის უღელტეხილს აგებენ ახალგაზრდა ვულკანური ქანები, რომლებიც აქ გაჩნდენ პატარა ნეფისკალოდან ლავების ამოღვრის შემდეგ. ამოღვრილმა ლავებმა წარმოშვა ნაკადი ჯვრის უღელტეხილისაკენ. ლავურმა ნაკადმა ამოავსო იმ ძველი მდინარის ხეობა. ლავების ამოღვრამდე ჯვრის უღელტეხილის სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ. ცოტა მეტი უნდა ყოფილიყო (ლავის ნაკადის სისქე 360 მ). ლავის ნაკადმა უღელტეხილის სიმაღლე მნიშვნელოვნად გაზარდა. შემდეგში, ჯვრის უღელტეხილის თანამედროვე სახის გამომუშავებაში, მყინვარებმა უდავოდ დიდი როლი ითამაშეს.

გუდამაყრის უღელტეხილიც ჯვრის უღელტეხილის ანალოგიური მორფოლოგიით ხასიათდება. ზოგიერთი ფაქტობრივი მასალა იმის სასარგებლოდ ლაპარაკობს, რომ ბურსაჭირის უღელტეხილზე წარსულში მიედინებოდა მდინარე (პალეოქვენამთისწალი), რომელიც მდინარე ბურსაჭირისხევის სათავეებისაგან დაბალი წყალგამყოფით იყო გამოყოფილი. მაქსიმალური გამყინვარების დროს მდინარე პალეოქვენამთისწყალის ხეობა მძლავრმა მყინვარმა დაიჭირა, რომელიც უღელტეხილის რაიონში დაბალ წყალგამყოფზე სამხრეთისაკენ გაედინებოდა.

დასაშვებია, რომ ჯვრისა და გუდამაყრის (ბურსაჭირის) უღელტეხილებს მდინარეული წარმოშობა აქვთ. ამ უღელტეხლების წარმოშობაში მთავარი როლი ითამაშეს მდინარეებმა, რომლებიც სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიედინებოდნენ (პალეობიდარა და პალეოქვენამთისაწყალი). მყინვარებმა კი უღელტეხილებს ტროგის ფორმა მისცეს და განაპირობეს ზემოაღნიშნული მდინარეების დინების მიმართულების შეცვლა.