saqarTvelos buneba - xeoba

საქართველოს ხეობები

 

ხეობა (მდინარის) რელიეფის უარყოფითი, ხაზოვანად გაჭიმული ფორმაა ერთგვაროვანი ვარდნით. ჩვეულებრივ წყლის დინების ეროზიული მოქმედების შედეგად წარმოიქმნება. მდინარის წყალი რეცხავს ნაპირებს და ძირს და წარმოქმნის მდინარის ხეობას.

მდინარის ხეობის ჩანასახოვანი ფორმებია ნაღვარევი, ხევი, ხრამი, რომლებსაც ცვალებადი (პერიოდული) წყალდენა ქმნის.

ხეობები, ჩვეულებრივ, მთელ სისტემებს ქმნიან; ერთი ხეობა მეორეში იხსნება, მეორე, თავის მხრივ მესამეში და ა. შ. სანამ მათი შეერთებული წყალდენები ერთი საერთო კალაპოტით არ ჩაედინება რომელიმე წყალსატევში.

ხეობების აგებულება

ჰიდროლოგები, გეოლოგები და გეომორფოლოგები გამოყოფენ ხეობის შემდეგ ძირითად ელემენტებს:

ფერდობები – დედამიწის ზედაპირის უბნები, რომლებიც გვერდებიდან შემოსაზღვრავს ხეობას.
ფსკერი ან სარეცელი – ხეობის ყველაზე დაბალი და შედარებით სწორი ნაწილი, რომელიც ფერდობების ძირებს შორის არის მოქცეული.
ფერდობების ძირი – ფერდობებთან ხეობის ფსკერის შეუღლების ხაზი.
კიდე – მიმდებარე ტერიტორიის ზედაპირთან ფერდობების ძირის შეუღლების ადგილი.
ტერასები – შედარებით ჰორიზონტალური მოედნები, რომლებიც ხეობის თანამედროვე ფსკერიდან სხვადასხვა სიმაღლეებზე არის განლაგებული.

ახალგაზრდა ხეობებს ფსკერი განუვითარებელი აქვს. ფერდობები უშუალოდ მდინარემდე მიდის და ერთდროულად მდინარის ნაპირებსაც წარმოადგენს.

ხეობის ფერდობები შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი, ციცაბო ან დამრეცი. დახრილობის მიხედვით შესაძლოა ხეობის ორივე ფერდობი იყოს ერთნაირი ან ერთმანეთისგან განსხვავებული (ასიმეტრიული). ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ასიმეტრიულ ხეობებს უფრო ხშირად შედარებით ციცაბო აქვთ მარჯვენა, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში მარცხენა ფერდობი.

ხეობა თავის ზემო წელში ყველაზე ხშირად წყალშემკრები ძაბრით ან მყინვარული ცირკით იწყება. შედარებით იშვიათად გვხვდება ღია ზემო წელის მქონე ხეობები. ხეობის შესართავის (ქვემო) ნაწილს ხშირად ახლავს დელტა ან ნარიყის კონუსი, ან წარმოადგენს წყალსატევის ყურეს, რომელსაც მდინარე ერთვის უბის ან ესტუარის სახით.

თავისებურებები

მდინარის ხეობები ლანდშაფტების ძალიან რთულ, დატოტვილ და, იმავდროულად ერთმანეთთან დაკავშირებულ ერთიან სისტემას წარმოადგენს. ფიზიკური გეოგრაფიის თვალსაზრისით ისინი მკაფიოდ არის განცალკევებული და თავისი მორფოლოგიით მკვეთრ კონტრასტს ქმნიან გარემომცველ მატერიკულ ლანდშაფტებთან. მუდმივად ცვლადი მიმართულება, მდინარის მოარული ნაკადი ხეობის ლანდშაფტის დიდ ცვალებადობას, მის განუწყვეტელ და ღრმა გარდაქმნას იწვევს. მდინარის ხეობები მუდმივად ახალგაზრდავდება, მათში ყოველთვის შეიძლება რელიეფის ფორმირებისა და ბიოგეოცენოზების განვითარების როგორც საწყის, ასევე უფრო გვიანდელ სტადიებზე დაკვირვება. მდინარის ხეობებისთვის სპეციფიკურია და ლანდშაფტების ზონურ ტიპებს შორის არა აქვს ანალოგები ჰიდროლოგიურ თავისებურებებს: გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობას, წვიმით და ქარით გამოწვეულ წყალმოვარდნას. მდინარეების ხეობების ერთიანობა მჟღავნდება ხეობის მთელ განივ პროფილზე ნაპირებიდან მდინარის ზედმიწევნით სინქრონულ გადმოსვლაში. ბარის მდინარეების ჭალები კარგი სათიბი სავარგულებია; ეროზიის მხრივ უსაფრთხო ადგილები იხვნება, ასევე, ყოველგვარი სასოფლო-სამეურნეო კულტურის დასათესად გამოიყენება ტერასები, ხშირად დასახლებული პუნქტებიც არის განლაგებული (განსაკუთრებით მთიან ქვეყნებში); ხეობათა ფერდობები ხშირად ტყით არის დაფარული.

ტიპები

ერთმანეთისგან განსხვავდება მთისა და ბარის ხეობები. პირველთათვის დამახასიათებელია მნიშვნელოვანი სიღრმე, შედარებით მცირე სიგანე და განივი პროფილის არათანაბარი ვარდნა. მეორენი, როგორც წესი, ფართოა, ნაკლები სიღრმისა, ნაკლებად ციცაბო ფერდობებით, მცირე დახრილობით და სხვ.

ფლუვიალურის, ანუ წყლის დინების ზემოქმედებით ფორმირებულის გარდა ხეობა ტექტონურიც შეიძლება იყოს, თუ მისი წარმოშობა რელიეფის გეოლოგიურ აგებულებას უკავშირდება. ასეთებს განეკუთვნება ალაის ხეობა შუა აზიაში და კალიფორნიის ხეობა ჩრდილოეთ ამერიკაში.

ცნობილი ხეობები