ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დიდი და პატარა ღუდის ძველი სახელწოდება. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.
ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ამ სოფელს არ იცნობენ. მოიხსენიება XVII საუკუნის II ნახევრით დათარიღებულ დოკუმენტში, რომელიც წარმოადგენს ბააკა სახლთუხუცესისა და მამუკა მაღრაძის მამულის საქმეზე განჩინებას. მასში ნათქვამია, რომ განჩინებით მამული „ღუდისაკენ მამუკას დარჩა“.
1886 წლის აღწერით, ღუდაში 28 კომლი სახლობს (119 კაცი და 104 ქალი, სულ 223 კაცი). მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა მთლიანად ქართულია და გადმოსულები არიან იმერეთიდან. 1921 წლის შემდეგ ღუდა სასოფლო საბჭოს ცენტრი იყო.
აქ სახლობდნენ გვარები: გრიგალაშვილი, ლომიძე, ბლიაძე, გიკაშვილი, თედეშვილი, ლურსმანაშვილი, ქელეხსაშვილი, ტაბატაძე, ბიწაძე... ღუდა, როგორც დასახლებული პუნქტი, მოიშალა XX საუკუნის 50-იან წლებში, როცა მოსახლეობა გადაასახლეს ხაშურში.
როგორც პატარა, ასევე დიდ ღუდაში, შემორჩენილია გვიანფეოდალური ხანის ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები.
|