სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიული თუშეთის ტერიტორიაზე. 2018 წლის 15 ივნისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით ფარსმის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ხოლო საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2018 წლის 10 ივლისიდან ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. 2014 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სოფელში არც ერთი ადამიანი აღარ ცხოვრობს.
mdebareoba
ფარსმა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში ისტორიული თუშეთის პირიქითა თემში. სოფელ ომალოდან დაახლოებით 40 კმ-ში, პირიქითი ალაზნის მარცხენა სანაპიროზე, კერძოდ, გზის მახლობელ ბორცვებზე.
istoria
XVIII საუკუნის საარქივო ჩანაწერების მიხედვით, ფარსმა პირიქითას თემის ცენტრალური სოფელი იყო. ისტორიულად ფარსმაში შემდეგი გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ: ქააძეები, თორღვაიძეები და სულაკაურები. როგორც ცნობილია, მათში ქააძეები ჭარბობდნენ. ფარსმის წვერიანი ციხე (ისევე, როგორც გირევის ციხე), ქისტი მამა-შვილის აგებულია. როგორც ცნობილია, თუშები მშვიდობიანობის დროს ქისტებს მშენებლობაში იხმარებდნენ.
istoriuli Zeglebi
eklesia
ფარსმის გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით, სასაფლაოს მახლობლად. ნაგებობა დარბაზულია, უაფსიდო. აშენებულია ფიქალით, რომელთა წყობა მშრალია. ჩამონგრეულია სახურავი, დანგრეულია აღმოსავლეთ კედელი. შესასვლელი აქვს დასავლეთიდან. კარი ბრტყლად არის გადახურული. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია თითო სწორკუთხა სარკმელი.
koSki
გვიანდელი შუა საუკუნეების კოშკი დგას სოფელ ფარსმის განაპირას, ჩრდილო-დასავლეთით. ოთხსართულიანი ეს კოშკი ოთხკუთხა პრიზმის ფორმისაა და მიწიდან ზემოთ მკვეთრად ვიწროვდება. აშენებულია ფიქალით, რომელთა წყობაც მშრალია. მე-2 და მე-3 სართულების გადახურვა, რომლებიც ხის კოჭებს ეყრდნობოდა, ჩამოშლილია. შესასვლელი I სართულზე დასავლეთიდანაა, მიწიდან 3 მეტრის სიმაღლეზე.
sami cixe saxli
დასავლეთით, სოფლის განაპირას დგას სამი ციხე სახლი, რომელთაგან ერთი შვიდ-, ხოლო ორი ექვსსართულიანია. ამ ორიდან ერთ-ერთს „სასოფლო ციხის“ სახელით მოიხსენიებენ.
SvidsarTuliani cixe-saxli
გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხედია, რომელსაც I, II, III და IV სართულებზე შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს. II სართულზე სამხრეთ-დასავლეთ კედელში, ორი სარკმელია. სრულად შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთ კედლის სალოდე. სამხრეთ-დასავლეთ კედელში, სალოდეებს შორის, სათოფურია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში კარია გაჭრილი. VII სართული დანგრეულია. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული. გადახურვის ცენტრალური კოჭები სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კედლების პილასტრებს ეყრდნობოდა.
1 eqvssarTuliani cixe-saxli
იგივე „სასოფლო ციხეს“ I, II და III სართულებზე შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა, IV-ზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. კარი ორ სალოდეს შორისაა. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში დიდი ღიობია, დანარჩენ კედლებში – ორ-ორი ორმაგი სალოდე. გადახურვა მხოლოდ I და II სართულებს შემორჩა, იგი ხის კოჭებზეა გამართული.
2 eqvssarTuliani cixe-saxli
II ექვსსართულიანი ციხე-სახლის ყველა სართულს შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს. ყველა სართული, გარდა V და VI-ისა, შიგნიდან შელესილია.
TorRvaZeebis cixe-saxli
თორღვაიძეების გვარის ციხე-სახლი, რომელიც გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ის სამსართულიანია და აშენებულია ფიქალით. იატაკი მიწურია. სახლის სართულშუა გადახურვა და სახურავი ხის კოჭებზეა მოწყობილი. ორფერდა სახურავზე დაფენილია ფიქალი.
sulakauris cixe-saxli
სულაკაურების გვარის სამსართულიანი ციხე-სახლი განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს და აგებულია ფიქალით. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზეა მოწყობილი. სართულები ერთმანეთს შიდა კიბით უკავშირდება. მთლიანობაში მას ფიქლის ცალფერდა სახურავი აქვს.
wminda giorgis xati
წმინდა გიორგის ხატი დგას ფარსმის აღმოსავლეთით, გორაკის წვერზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ხატს საზეიმო-საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა. ხატობა 29 ივლისს (ძველი სტილით) იმართებოდა.
wminda Tevdores xati
წმინდა თევდორეს ხატი მდებარეობს სოფელ ფარსმის სამხრეთ-აღმოსავლეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სალოცავი გეგმით სწორკუთხა კოშკია. ნაგებია ფიქალით - მშრალად. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია პირველი სართული და მეორე სართულის კედლების ნაწილი. |