istoriuli soflebi  
  
 
 

somaneTi
ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა შიდა ქართლის ვაკეზე, ჭერათხევის ხეობაში, სოფელ ვაყის აღმოსავლეთით.

ქართულ და სპარსულენოვან საისტორიო წყაროებში XVII საუკუნიდან მოიხსენიება. ვახუშტი ბატონიშვილი სომანეთის შესახებ აღნიშნავს:

„...ფცისწყლის დასავლეთით არს ალის-წყალი. გამოსდის ლიხის მთას, მოდის სამხრით, ერთვის მტკუარს ჩრდილოდამ... ამ მტკურის კიდეზედ, სამხრით, არს სომანეთი.“

სომანეთი ავალიშვილების მამულია. 1633 წელს, თეიმურაზ I სომანეთს, აბისსთან ერთად, ზაქარია ავალიშვილს აძლევს. სიგელიდან ირკვევა, რომ ზაქარია ავალიშვილი თემურაზ მეფეს ხლებია იმერეთში და სამეფო კართან ერთად „მრავალი ჭირი და განსაცდელი, ერთგულობა და სამსახური“ თავს უდვია. „ერთგულობისა და ჭირნახულობის სანაცვლოდ“ თეიმურაზმა ზაქარია ავალიშვილს უბოძა მანამდე „...სამკუიდროდ მეფეთაგან მიცემული სოფელი სომანეთი და აბისი“.

ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ სომანეთი 1633 წლამდეც ავალიშვილებისა იყო. ეს დასტურდება როსტომ მეფის მიერ ზაქარია ავალიშვილისათვის 1637 წელს მიცემული წყალობის წიგნიდანაც, რომელშიც ნათქვამია:

„...ჩუენ, მეფეთ-მეფემან პატრონმან როსტომ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან მარიამ, ეს წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერთგულთა ყმათა ავალიშვილთ ზაქარიას, შვილსა თქუენთა ავალსა, დავითს, ქაიხოსროს და ღონენასა, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა ყოველთავე, მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და თქვენსავ ნაქონს სამკუიდროს სომანეთს გუიაჯენით, შეგიწყალეთ და გიბოძეთ ხიდირბეგის მესხებს გარეთ ორი კუამლი თქუენი მკუდირ ყმა და ალაგი სამართლიანის სამძღურითა, რისაც მქონებელი სომანეთი ყოფილიყოს.“

ამავე სიგელის სპარსულ ტექსტშიც აღნიშნულია, რომ „...სოფელი სომანეთი ძველი დროიდანვე ზაქარია-ბეგის იყო“. 1656 წელს, როსტომ მეფემ ზაქარიასი და მისი შვილის - ავალის ნაქონი სოფელი სომანეთი უწყალობა ავთანდილ შანშეან-მარტიროზაშვილს.

აქ 1728 წელს დაფიქსირებულია 20 კომლი, რომლებიც იხდიან ყველა საოსამლო გადასახადს 7540 ახჩის ოდენობით.

XVIII საუკუნის 90-იან წლებში იოანე ბატონიშვილის მიერ ალისწყლის ხეობაში დაფიქსირებულია სოფელი სომანეთი, როგორც მოსახლე სოფელი. მოიშალა XIX საუკუნეში.

სომანეთში მდებარეობს ეკლესია, რომელიც თარიღდება გვიანფეოდალური ხანით.


მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი