ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდებარეობდა ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, სოფელ ბულბულისციხესთან ახლოს, მის ჩრდილო-დასავლეთით.
ვახუშტი და ოანე ბატონიშვილები, აგრეთვე ქართული ისტორიული და ეკონომიკური ხასიათის ძეგლები მას, როგორც დასახლებას არ იცნობენ.
სოფელი ტბა, გადმოცემის თანახმად, XIX საუკუნის შუა ხანებში აღმოცენებულა და XX საუკუნის 60-იან წლებამდე არსებობდა. შემდეგ მოსახლეობა ბულბულისციხესა და ქვიშხეთში ჩამოასახლეს და სოფელიც განადგურდა.
აქ ძირითადად სახლობდნენ გვარები: ღონღაძე, ბლიაძე, ლომიძე, გოლუბიანი. |